„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საკანონმდებლო ორგანოში 9-წლიანი მუშაობის შემდეგ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ინაცვლებს. პრემიერმა მამუკა მდინარაძის კანდიდატურა დღეს, მას შემდეგ წარადგინა, რაც ანრი ოხანაშვილის გადადგომის შესახებ გახდა ცნობილი. მან ისიც აღნიშნა, რომ ის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მამუკა მდინარაძეს დიდი წარდგენა არ სჭირდება და აღნიშნა: „სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულებისთვის“.
1978 წლის 24 ნოემბერს დაბადებულმა მამუკა მდინარაძემ თსუ-ს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2000 წელს დაამთავრა. 2016 წლიდან კი ის საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარული სიით გახდა. ამის შემდეგ ის უწყვეტად IX, X, XI მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა და უმრავლესობის ლიდერიც იყო.
XI მოწვევის პარლამენტში ის იკავებდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) სათადარიგო შემადგენლობის საპარლამენტო დელეგაციის წევრი იყო.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 31 იანვარს შეავსო. მამუკა მდინარაძეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
დოკუმენტის თანახმად, მამუკა მდინარაძემ, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გასულ 2024 წელს, ჯამში 60 157 ლარის შემოსავალი მიიღო.
მისმა მეუღლემ, ნათია კუნჭულიამ კი მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილის პოსტზე სახელფასო ანაზღაურების სახით ჯამში 72 183 ლარის შემოსავალი მიიღო.
დეკლარაციაში მამუკა მდინარაძე მის მიერ უძრავი ქონების შეძენას არ უთითებს, მისი მეუღლის სახელზე კი 2008 წლის 11 დეკემბერს ცინცაძის ქუჩაზე შეძენილი 119,23 კვ.მ ბინაა, რომელიც მან 170 000 ლარად იყიდა.
ნათია კუნჭულიას საკუთრებაშია ასევე თიანეთის რაიონში, სოფელ ხევსურთსოფელში 1509 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, რაშიც ნასყიდობის გზით, 9 600 ლარი გადაიხადა. მისივე საკუთრებაშია მეორე მიწის ნაკვეთი სოფელ სიმონიანთხევში, რომლის ფართობიც 1000 კვ.მ-ია, ხოლო გადახდილი თანხა 6 000 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება მამუკა მდინარაძის მიერ შეძენილ ძვირფას ნივთებს, 2010 წელს მან გუდიაშვილის ნახატი (ფურცელზე შესრულებული, ფანქრით) შეიძინა, რაშიც ნასყიდობის გზით, 2 000 ლარი გადაიხადა. ასევე 2013 წელს შეიძინა ბაღდავაძის მიერ შესრულებული ტილო, რაშიც ნასყიდობის გზით, 1 000 დოლარი გადაიხადა. 2014 წელს ბაღდავაძის შესრულებით $1700 და $1500-ად კიდევ ორი ფერწერული ტილო შეიძინა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს 2022 წელს იპოთეკური სესხი 120 000 ლარის ოდენობით უფიქსირდება, რომლის მომსახურებაშიც წლიურად 16 415 ლარი გადაიხადა.
TBC ბანკში კიდევ ერთი სესხის მომსახურებაში 3 342 ლარი აქვს გადახდილი და სამომხმარებლო სესხის მოცულობა 20 000 ლარია.




























