უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ვერ იგებს, რას აპროტესტებს ხალხი. როგორც ის "ფეისბუქზე" წერს, მთავრობის დღევანდელი განცხადება, რომლის თანახმადაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე შეაჩერეს, ოთხ მთავარ პუნქტს მოიცავს. მდინარაძის თქმით, "რომელია ამ პუნქტებიდან ევროპაზე უარის თქმა და კონკრეტულად რომელ პუნქტს აპროტესტებენ, ის მაინც გვითხრან და ვუპასუხებდით რამე კონკრეტულს"-ო.
"ჩვენი განცხადება, სამომავლო გეგმის თვალსაზრისით, 4 მთავარ პუნქტს მოიცავს:
- ვაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულებას და 2028 წლისთვის შესრულებული გვექნება 90%-ზე მეტი.
- 2030 წლისთვის საქართველო, კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის.
- 2028 წლამდე ჩვენი მხრიდან დღის წესრიგში არ იქნება დაყენებული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, რათა ეს არ იყოს მუდმივი შანტაჟის მექანიზმი ვინმეს მხრიდან და წყნარად შევძლოთ შესაბამისი რეფორმების გატარება და ქვეყნის განვითარება.
- ამავე მიზეზით უარს ვამბობთ ევროკავშირის მხრიდან საბიუჯეტო გრანტებით დაფინანსებაზე და ამ ხარჯებს სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებს. რომელია აქედან ევროპაზე უარის თქმა და კონკრეტულად რომელ პუნქტს აპროტესტებენ, ის მაინც გვითხრან, ვუპასუხებდით რამე კონკრეტულს", - წერს "ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი.