საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
განხილვის შემდეგ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა და საკითხზე განმარტება გააკეთა:
"მომდევნო 2 წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი იქნება იგივე, რაც მიმდინარე წელს იყო, ეს მათ საშუალებას მისცემს, შენობა დაასრულონ. ხოლო 2026 წლის 1 იანვარს ამოქმედდება წესი, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება დამოკიდებული იქნება საქართველოში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაზე, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ ამ ადამიანების რაოდენობის ნამრავლი 64-ზე.
დღევანდელი მონაცემებით თუ ავიღებთ წინა წლის დასაქმებულთა რაოდენობას, ეს მთლიანად ფარავს მიმდინარე საოპერაციო ხარჯებს, რაც იმას ნიშნავს რომ, რა თქმა უნდა, პროგნოზი არის ის რომ გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობა, დრამატული ზრდა ვერ გვექნება, მაგრამ ზრდა იქნება.
დაზღვევის სახით ისიც იწერება, რომ დასაქმებულთა შემცირების შემთხვევაში, თუმცა ასეთი პროგნოზი არ გვაქვს, თუ დასაქმებულების რაოდენობა შემცირდება მაშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ამას ავტომატურად არ მიყვება და არ შემცირდება“, - განაცხადა მან.
ცნობისთვის: 2024 წელს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი 9 მილიონი ლარით უნდა გაზრდილიყო და ჯამში 86 მილიონ ლარს მიაღწევდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების საკითხი გახდა პარლამენტში ცხარე დებატების საკითხი. საქმე ისაა, რომ დღემდე საზმაუს ბიუჯეტი საქართველოს მშპ-სთან იყო მიბმული და ის ყოველწლიურად წინა წლის მშპ-ის 0.14%-ის ოდენობით განისაზღვრებოდა.