მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მანანა კობახიძეს საკონსტიტუციოს სასამართლო ვადაზე ადრე დატოვა

მანანა კობახიძე

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, მანანა კობახიძეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

კობახიძეს უფლებამოსილების ვადა 2027 წლის თებერვალში ეწურებოდა.

უწყების ცნობით, გადაწყვეტილება კობახიძის პირადი განცხადების საფუძველზე იქნა მიღებული.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ქალბატონ მანანა კობახიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით N2, 2026 წლის 13 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უსურვებს მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანანა კობახიძის მიერ თანამდებობის დატოვებას წინ უძღოდა მისი მოთხოვნა აცილების შესახებ. რამდენიმე დღის წინ მანანა კობახიძემ პარტიების აკრძალვის საქმეზე თვითაცილება ითხოვა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ მისი ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმიანობა 2017 წელს დაიწყო. 8 თებერვალს საქართველოს პარლამენტის მიერ 10 წლით არჩეულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. ამავე წლის 15 თებერვლიდან, ფიცის დადების დღიდან, შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას.

2018 წლის 12 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნად.

2021 წლის 1 დეკემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ არჩეულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ.

საკონსტიტუციო სასამართლო სულ 9 მოსამართლისგან შედგება (3-ს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, 3-ს ირჩევს პარლამენტი, ხოლო 3-ს ნიშნავს უზენაესი სასამართლო).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები