ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული დეკემბრის აგრომიმოხილვის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მანდარინის ჩაბარებას ასუბსიდირებს, ქვეყანაში ციტრუსის წარმოება მცირდება.
მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ მოსავლის კლების ტენდენციის პირობებში, ექსპორტი მზარდია და მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია.
„მიუხედავად იმისა, რომ მანდარინის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა არსებობს, ამჟამად საქართველოში ციტრუსის მოყვანა მაინც მცირდება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყოველ 1 კგ არასტანდარტულ მანდარინში ფერმერი სახელმწიფოსგან 15 თეთრის ნაცვლად 30 თეთრს მიიღებს.
ციტრუსის წარმოების შემცირების მიუხედავად, ექსპორტის მაჩვენებელი ზოგადად მზარდი, მაგრამ ცვალებადი ტენდენციით ხასიათდება. ექსპორტირებული პროდუქტის 99%-ზე მეტი დსთ-ის ქვეყნებში გადის, ევროკავშირში კი – მხოლოდ 1%. საყურადღებოა, რომ დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებული ციტრუსის 58% რუსეთში მიდის, რაც დარგის დსთ-ის ქვეყნების, განსაკუთრებით კი, რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულებას უსვამს ხაზს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
მათი ინფორმაციით, ამჟამად მანდარინის სეზონი აქტიურ ფაზაშია შესული და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზის თანახმად, ციტრუსის წლევანდელი მოსავალი 55 000 ტონას მიაღწევს.
„აღსანიშნია, რომ საქართველოში მოყვანილი ციტრუსის 90% მანდარინია, ფორთოხლისა და ლიმონის რაოდენობა კი შედარებით მცირეა. მანდარინი ძირითადად აჭარაში (70%), გურიაში (18%), სამეგრელო-ზემო სვანეთსა (10%) და იმერეთში (2%) მოჰყავთ“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
ცნობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 18 იანვრის მონაცემებით, აჭარაში ციტრუსის სეზონი დასკვნით ფაზაშია - ექსპორტირებულია 37 ათას ტონამდე სტანდარტული და გადამუშავდა 11 ათასი ტონაზე მეტი არასტანდარტული ციტრუსი.
უწყების ცნობით, დღეის მდგომარეობით ექსპორტირებულია - 23 821 000 დოლარის 36 893 ტონა სტანდარტული მანდარინი. რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს 3 386 471 ლარის 11 288 ტონა ციტრუსი იქნა გადამუშავებული, საიდანაც სახელმწიფო სუბსიდიამ 2 822 059 ლარი შეადგინა.
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაორმაგდა და მეციტრუსე ფერმერებმა სახელმწიფოს მხრიდან 15 თეთრის ნაცვლად 30 თეთრი მიიღეს.
2023-2024 წლის ციტრუსის აქტიურ სეზონზე მუშაობდა 20-მდე საწარმო, ხოლო დღეის მდგომარეობით საექსპორტო მანდარინს 6 ციტრუსის მიმღებ - გადამმუშავებელი საწარმო იღებს. ასევე, რეგიონს გარეთ კიდევ რამდენიმე დამხარისხებელი პუნქტი ფუნქციონირებს.