წელს, ციტრუსის მოსავალი პროგნოზთან შედარებით ჭარბია, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ კომპანია „აგროინვესტსერვისის“ დირექტორმა, ვაჟა მკურნალაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სახელმწიფოს მხრიდან, საჭიროა სწორი საპროგნოზო მონაცემის გაკეთება.
„ბოლო 20 წელია ერთი საპროგნოზო რიცხვის გარშემო ვტრიალებთ, კერძოდ 45-55 ათასი ტონა ციტრუსის მოსავალი. თუმცა, ჩემი ინფორმაციით, რეალობა მონაცემებს მინიმუმ 30000 ტონით აჭარბებს. ბოლო 15 წლის განმავლობაში, მხოლოდ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ათეულობით ათასი ციტრუსული კულტურების ნერგებია დარიგებული, რომელიც დაახლოებით 5 წლის შემდეგ, მსხმოიარე უნდა იყოს. პარალელურად, მოსახლეობამ, რომელმაც პროგრამის ფარგლებში ნერგების მიღება ვერ შეძლო, კულტურები საკუთარი სახსრებით შეიძინა, რაც, გაიზარდა და მსხმოიარე გახდა.
2008 წელს, მაგალითად აჭარა-გურიის რეგიონში, 80000 ტონა ციტრუსის მოსავალი მიიღეს. მაშინ, როდესაც 15 ათას ტონაზე მეტი, საკონსერვო საწარმომ გადასამუშავებლად წაიღო. ეს მონაცემები კი ცხადია შეიცვალა და წარმოების რაოდენობა გაზრდილია. შეიძლება ეს ნახტომისებური ზრდა არ იყოს, თუმცა ზრდა ნამდვილად ფიქსირდება,“-აცხადებს მკურნალაძე.
მისივე ცნობით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ფერმერების 80-90%, რომლებსაც ციტრუსის ნარგავები აქვთ, სრულყოფილ აგროტექნიკურ ღონისძიებებს ატარებენ. რაც ნიშნავს იმას, რომ მოსავლიანობა გაზრდილია, ეს კი ფერმერებისთვის შემოსავლის წყაროა.