სწრაფი მოდის ესპანური ბრენდი Mango ადასტურებს, რომ მარკეტინგული სერვისის ერთ-ერთი გარე პროვაიდერის გავლით კომპანიაზე კიბერშეტევა განხორციელდა და მომხმარებლის შეზღუდული ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა ბრენდის კორპორაციული სისტემები არ დაზარალებულა.
გავრცელებულ განცხადებაში კომპანია აღნიშნავს, რომ გაჟონილი ინფორმაცია მოიცავს მომხმარებელთა სახელებს, ქვეყნებს, საფოსტო ინდექსებს, ელფოსტის მისამართებსა და მობილურის ნომრებს, თუმცა არა - გვარებს, პაროლებსა და ფინანსურ, მათ შორის, საბანკო ბარათების დეტალებს.
ეს ინციდენტი ესპანური და გლობალური საცალო ვაჭრობის ობიექტების წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევების სერიის უახლესი შემთხვევაა. მარტში, El Corte Ingles-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონტრაქტორ კომპანიაზე განხორციელებული შეტევის შედეგად, მომხმარებლის საიდენტიფიკაციო და საკრედიტო ბარათის დეტალები გამოვლინდა. კიდევ ერთ ესპანურ ქსელ Tendam-ს, ჰაკერებმა 720 გიგაბაიტი მონაცემი მოიპარეს და 800 000 ევროს ოდენობის გამოსასყიდი მოითხოვეს.
ევროპის მასშტაბით საცალო ვაჭრობის ობიექტებიც დაზარალდნენ. წლის დასაწყისში Co-op UK-მა განაცხადა, რომ კიბერშეტევის შედეგად $274 მილიონი დაკარგა, ხოლო Louis Vuitton-მა დაადასტურა, რომ თურქეთში, სამხრეთ კორეასა და დიდ ბრიტანეთში მის მაღაზიებში განხორციელებული დარღვევების შედეგად, მომხმარებელთა მონაცემები გამჟღავნდა. კიბერთავდასხმის შემთხვევები დაფიქსირდა გლობალური ბრენდების, Victoria's Secret-ის, Dior-ის, Tiffany-ისა და Adidas-ის ვებსაიტებზეც.
Mango-მ ინციდენტი შაბათ-კვირას აღმოაჩინა და დაუყოვნებლივ გაააქტიურა უსაფრთხოების პროტოკოლები. მისი ონლაინ ოპერაციები არ შეფერხებულა.
Mango-ს უმსხვილესი ბაზრები ესპანეთი, საფრანგეთი და თურქეთის. კომპანიას ათობით მაღაზია აქვს აშშ-ში და 2700-ზე მეტი მთელ მსოფლიოში.




























