მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაციის დასასრულებლად კონტრაქტორ კომპანიას 1 თვე აქვს” - მერია

61dc92b295679
ანუკა ჯოხაძე
10.01.22 23:46
1076
ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია უკვე მე-9 თვეა მიმდინარეობს. თბილისის მერიის მხრიდან იყო დაპირება, რომ ამ ქუჩის განახლება გასული წლის ნოემბრის ბოლოს მაინც დასრულდებოდა, თუმცა 2021 წლის 19 აპრილს დაწყებული სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, მერიის კონტრაქტორის გარდა, ბევრი სხვა პროვაიდერი კომპანია მუშაობს, რაც სამუშაოების გახანგრძლივების მიზეზი გახდა.

თბილისის მერიის BM.GE-ისთვის გამოგზავნილ წერილობით პასუხში ვკითხულობთ, რომ კონტრაქტორ კომპანიას, რომელსაც საგზაო სამუშაოები უნდა ეწარმოებინა და ასევე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, ხელშეკრულების მიხედვით სამი თვის ვადა მიეცა. მერიის განმარტებით, აღნიშნული სამუშაოები უნდა შესრულდეს პროვაიდერი კომპანიების მიერ კომუნიკაციების ქსელების შეცვლის შემდგომ. იმის გამო, რომ პროექტის პირველ ეტაპზე წყალმომარაგების, წყალარინების, გაზმომარაგების და სხვა საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, კონტრაქტორი კომპანიის ბრალეულობა არ გამოიკვეთა.

თბილისის მერიის განცხადებით, კომპანიას სამუშაოების შესრულებისთვის ერთი თვის ვადა აქვს. მერიაში ამბობენ, რომ თუ კომპანია სამუშაოებს დარჩენილ ვადაში ვერ დაასრულებს, კანონით გათვალისწინებული შესაბამისი რეაგირება იქნება.

ცნობისთვის, მანჯგალაძის ქუჩაზე საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს "იბერი" ახორციელებს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ნიკოლოზ ჩახნაშვილია.

აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია თბილისის ბიუჯეტს 1 575 000 ლარი უჯდება. პროექტის ფარგლებში სრულად უნდა შეიცვალოს მიწისქვეშა კომუნიკაციები, უნდა დაიგოს ასფალტის ახალი საფარი და მოეწყოს ტროტუარები. ამასთან, ქუჩაზე არსებული ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ უნდა განთავსდეს.