მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მანქანების რეექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი, რუსეთში სანქცირებული ტვირთის მოსახვედრად საქართველოს გამოყენებაზე ეჭვებს აჩენს - IDFI

ჯდნცდ

საქართველოდან ცენტრალური აზიის ქვეყნებში ავტომობილების რეექსპორტის რეკორდულად მზარდი მაჩვენებლები, ეჭვებს აჩენს რუსეთში სანქცირებული ტვირთის მოსახვედრად საქართველოს დერეფნის გამოყენების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ავტომობილების რეექსპორტზე მომზადებულ კვლევაში წერია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2021 წლიდან დღემდე საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 493%-ით გაიზარდა. ბოლო რამდენიმე წელია ექსპორტის ზრდის მაჩვენებლის ძირითადი მიზეზი ავტომობილების რეექსპორტი გახდა. ავტომობილების რეექსპორტმა მკვეთრი ზრდა 2022 წლიდან დაიწყო და თუკი 2021 წელს ქვეყნიდან რეექსპორტზე 456.5 მლნ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილები გავიდა, ეს მოცულობა 2024 წელს 2 მლრდ დოლარს გადასცდა და მთლიანი ექსპორტის 37% შეადგინა.

შედარებისთვის - 2021 წელს მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტს მთლიან ექსპორტში საშუალოდ 10% ეკავა. მზარდია ტრენდი 2025 წელსაც - წლის საწყის 6 თვეში, ქვეყნიდან რეექსპორტზე 1.2 მილიარდი. დოლარის ღირებულების ავტომობილებია გასული, რაც ბოლო წლების რეკორდული მაჩვენებელია.

საქართველოდან რეექსპორტზე ავტომობილები ძირითადად ცენტრალური აზიის ქვეყნებში გადის. ყველაზე დიდი ზრდა ფიქსირდება ყირგიზეთზე, სადაც მხოლოდ მიმდინარე წლის 6 თვეში 600 მილიონ დოლარზე მეტის ღირებულების პროდუქცია გავიდა. ეს კი მაშინ როდესაც რამდენიმე წლის წინ ყირგიზეთში ავტომობილების რეექსპორტი რამდენიმე მილიონ დოლარს არ აღემატებოდა. მაგალითად 2021 წელთან შედარებით ზრდა 12 828%-ია (გაიზარდა 129-ჯერ). იანვარ-ივნისში საქართველოდან ყირგიზეთში ექსპორტზე იმაზე მეტი ღირებულების პროდუქცია გავიდა, ვიდრე ჯამურად ევროკავშირის ქვეყნებში. კერძოდ, თუკი ყირგიზეთში ექსპორტმა 681.3 მლნ. დოლარი შეადგინა (აქედან 628.2 მლნ დოლარის ავტომობილი), ევროკავშირში ექსპორტი ჯამურად 372.7 მლნ. იყო.

აღსანიშნავია, რომ ყირგიზეთი, რომლის მოსახლეობაც 7.2 მლნ ადამიანს შეადგენს, მსოფლიოს ერთ-ერთი დაბალ განვითარებული ქვეყანაა, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2 400 დოლარს შეადგენს, მაშინ. როდესაც მსოფლიოს საშუალო 13 ათასი დოლარია. მიუხედავად ამისა, წლის მხოლოდ 6 თვეში საქართველოდან რეექსპორტით ყირგიზეთში 19,663 ცალი ავტომობილი გავიდა, თითო ერთეულის საშუალო ღირებულება კი დაახლოებით 32 ათას დოლარს შეადგენს - რაც მიანიშნებს, რომ ყირგიზეთში რეექსპორტზე გატანილი ავტომობილები უმეტესად მაღალ საფასო კატეგორიაშია.

ავტომობილების რეექსპორტით მეორე ადგილზეა ყაზახეთი, სადაც წლის პირველ 6 თვეში 353.2 მლნ. დოლარის ავტომობილები გავიდა. 2021 წლის საწყის 6 თვეში ყაზახეთში ავტომობილების ექსპორტი მხოლოდ 5.4 მლნ დოლარს შეადგენდა. ჯამში 2025 წლის 6 თვეში ყაზახეთში 20 215 ავტომობილი შევიდა საქართველოს დერეფნის გავლით - თითო ავტომობილის საშუალო ღირებულება კი ყირგიზეთთან შედარებით დაბალია და 17 473 დოლარს შეადგენს.

ავტომობილების რეექსპორტის დანიშნულების ქვეყნების ხუთეულშია სომხეთი, სადაც რეექსპორტმა პიკს 2023 წელს მიაღწია, თუმცა, მას შემდეგ, ტრენდი მცირდება. კერძოდ, სომხეთში 2025 წლის პირველ 6 თვეში 25.6 მლნ დოლარის ღირებულების ავტომობილები გავიდა, მაშინ, როდესაც 2023 წელს ეს მაჩვენებელი 184.8 მლნ. დოლარი იყო, ხოლო 2021-ში კი - 2 მლნ. დოლარი.

საექსპორტო ქვეყნების ათეულშია ტაჯიკეთი და უზბეკეთიც, რომლებიც ასევე ცენტრალური აზიის დაბალგანვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს წარმოადგენენ და სადაც საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი ბოლო ხუთ წელში 700-900%-იან ზრდას აჩვენებს.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების და რუსეთისთვის სანქციების დაწესების პარალელურად გაჩნდა ეჭვები, გამოიყენებდა თუ არა რუსეთი ცენტრალური აზიის ქვეყნებს სანქცირებული ტვირთის მის ტერიტორიაზე მოსახვედრად. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო საქართველოდან ყირგიზეთსა და ყაზახეთში ექსპორტის მოცულობის მკვეთრი ზრდა. ევროკავშირის და აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და ამერიკიდან საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების რუსეთში პირდაპირი რეექსპორტი აკრძალულია.

სანქციების პარალელურად, 2023 წელს საქართველომაც აკრძალა ავტომობილების პირდაპირი რეექსპორტი რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით.

"მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მონაცემებით რუსეთში აშშ-დან და ევროკავშირიდან ავტომობილების პირდაპირი ექსპორტი არ ხდება, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ექსპორტის მკვეთრი და არაბუნებრივი ზრდა, კითხვის ნიშანს ტოვებს, ხდება თუ არა ქვეყნის დერეფნის გამოყენება რუსეთში სანქცირებული ტვირთის მოსახვედრად", - აცხადებენ IDFI-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები