მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IDFI საჯარო ინფორმაციის მოპოვებაში მედიას უფასო სამართლებრივ დახმარებას გაუწევს

ანალიტიკა
19.11.23 18:29
308

2022 წლიდან საქართველოში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ არსებული მდგომარეობა მკვეთრად უარესდება. IDFI-ის ინფორმაციით, მაგალითად, 2022 წელს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე გაცემული პასუხების პროცენტული მაჩვენებელი (58%), 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი შედეგი იყო. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ყველაზე მეტად გააუარესეს სამინისტროებმა და მათ დაქვემდებარებაში მყოფმა უწყებებმა, რომლებიც მასშტაბურად უპასუხოდ ტოვებენ IDFI-ს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებს. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის პოლიტიკა კვლავ აქტიურად გაგრძელდა 2023 წელსაც. 2023 წლის 5 თვეში IDFI-მ სამინისტროებსა და მის დაქვემდებარებულ უწყებებში გაგზავნილ 1,255 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე, პასუხი მიიღო მხოლოდ 94 განცხადებაზე (7%). აღნიშნულის საპასუხოდ 2023 წლის 2 ივნისს, IDFI-მ ერთდროულად გააგზავნა უპრეცედენტო რაოდენობის - 89 ადმინისტრაციული საჩივარი (12 სამინისტრო/სახელმწიფო მინისტრის აპარატი და მათი დაქვემდებარებული 77 უწყება). აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა უწყებებმა არამცთუ არ გასცეს საჯარო ინფორმაცია, არამედ სრულად უგულებელჰყვეს IDFI-ის მიერ გაგზავნილი განცხადებები, რაც კანონმდებლობის როგორც მატერიალური ისე ფორმალური მოთხოვნების დარღვევას წარმოადგენს.

ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობისთვის პროექტი დაიწყო. პროექტს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს MATRA ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი 2023 წლის 1 სექტემბერს დაიწყო და 2024 წლის 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.

IDFI-ის აღმასრულებელი დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა BMG-ის ეთერში, გადაცემა "ანალიტიკაში" პროექტის შესახებ საუბრობს.

"ეს პროექტი მედიის მხრიდან საჯარო ინფორმაციაზე წვდომის გაზრდას ემსახურება და ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ყველანაირად დავუჭერთ მხარს მედიას, რომ საჯარო ინფორმაცია მათთვის იყოს ხელმისაწვდომი. რაც შეეხება იმას, თუ რით შეიძლება მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ეს არის სამართლებრივი მხარდაჭერა ჟურნალისტებისთვის, ეს არის ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა, რასაც ჩვენ ვაპირებთ. ეს იქნება ჟურნალისტებისთვის არა მხოლოდ საჯარო ინფორმაციაზე წვდომის, არამედ მათი საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევებში მხარდაჭერა, ეს იქნება სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებში სარჩელების შეტანის მხრივ, ან ჩვენი მხრიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა მათი მომართვის შემდეგ და ა.შ.

ანუ მედიას გავუწევთ უფასო სამართლებრივ დახმარებას, არა მარტო ცენტრალურ დონეზე თბილისში, არამედ რეგიონებშიც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ მხრივ სასამართლოს პრაქტიკა იყოს სწორი და აქტიური. ჩვენ გამოვიყენებთ ყველანაირი ადვოკატირების საშუალებას იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ საჯარო ინფორმაციაზე წვდომა", - თქვა გიორგი კლდიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები