ბაზარზე ახალი სტარტაპი WashyWashy გამოჩნდა, რომელიც მანქანებს წყლის გარეშე რეცხავს. კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი ხანიშვილმა BM.GE-სთან პროექტის ინოვაციურ მიდგომაზე და მომავალ გეგმებზე ისაუბრა. აღნისანიშნია, რომ სტარტაპი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეთოთხმეტე რაუნდის ერთ-ერთი გამარჯვებულია.
WashyWashy ტექნოლოგიური ინოვაციით ცდილობს შეამსუბუქოს მანქანის მოვლის პროცესი და მომხმარებლებს სერვისის კომფორტული და ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივა შესთავაზოს. სტარტაპერი აცხადებს:„ჩვენ მანქანებს უწყლო რეცხვის ტექნოლოგიით ვრეცხავთ. უახლოეს მომავალში მომხმარებლებს შეეძლებათ გამოიძახონ მრეცხავი, რომელიც ადგილზე, 20 წუთში მოვა და მანქანას გარეცხავს - ავტომობილის გადაყვანის გარეშე. რეცხვის პროცესი შესაძლებელი იქნება როგორც შენობის შიდა სივრცეში, ისე გარე ტერიტორიაზე“.
გიორგი ხანიშვილის თქმით, WashyWashy სპეციალური ქიმიკატების ოფიციალური დისტრიბუტორია. აღნიშნული ქიმიკატები ჭუჭყს თხევად მასად აქცევს და უსაფრთხო რეცხვის პროცესს უზრუნველყოფს. ხოლო კომპანიის დამხმარე აღჭურვილობა მანქანის ზედაპირს დაზიანებისა და დაკაწვრისგან იცავს.
“გუნდში 3 ადამიანი ვმუშაობთ. პროექტი უკვე 6 თვის განმავლობაში სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს და ამ პერიოდში 300-მდე მანქანა გავრეცხეთ. კომპანიამ ახლახან მოიპოვა GITA-ს 150 000 ლარის გრანტი, რომელიც მარკეტინგსა და ახალი ტექნიკის შესაძენად დაიხარჯება.
სტარტაპის ასამუშავებლად დახარჯულმა ინვესტიციამ 7 000 დოლარს მიაღწია, რომელიც სრულად ჩვენი საკუთარი ხარჯი იყო. მომხმარებელთა რეაქცია პოზიტიურია - მაღალი ხარისხის სერვისი მომხმარებელს დროს უზოგავს და საუკეთესო გამოცდილებას აძლევს. რაც შეეხება ფასს, სხვა ალტერნატიული სამრეცხაოებისგან განსხვავებით, ჩვენი სერვისის ღირებულება შედარებით პრემიუმ კატეგორიისაა : სედანის რეცხვა ღირს 50 ლარი, კროსოვერის - 60 ლარი, დიდი ზომის ჯიპების - 70 ლარი”, - ამბობს ხანიშვილი.
გიორგი ხანიშვილის თქმით, ერთ წელიწადში, ბაზარზე ბრენდის გამყარების შემდეგ, იგეგმება რეგიონალური გაფართოება.




























