გასულ კვირაში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „FitchRatings“-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი კვლავ BB დონეზე შეაფასა და პოზიტიური პერსპექტივა შეუნარჩუნა.
ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ახლა ქვეყანა უნდა ეცადოს მაქსიმალურად გააუმჯობესოს შიდა მდგომარეობა, რათა რეიტინგი გაიზარდოს. ეს კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი მესიჯია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინვესტორებისთვის.
"იცით, რომ fitch-ის მიერ მოხდა სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასება და რეიტინგი დარჩა BB დონეზე პოზიტიური პერსპექტივით. ეს უკვე მეორედ ხდება, როცა პოზიტიური პერსპექტივით ტოვებენ რეიტინგს. ჩვენი მოლოდინით, იმ პროგრესის ფონზე, რომელსაც საქართველო ეკონომიკის კუთხით აჩვენებს, შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.
რეიტინგი საკმაოდ კომპლექსურია და ის, ეკონომიკურთან ერთად ბევრ ფაქტორს მოიცავს, მათ შორის არის რეგიონული და გეოპოლიტიკური გამოწვევები. ყველას გვესმის, რომ ჩვენ ნაკლებად ხელგვეწიფება, რეგიონული კონტექსტი შევცვალოთ, თუმცა მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, შევცვალოთ შიდა მდგომარეობა და გავაუმჯობესოთ, რომ გვქონდეს კარგი რეიტინგი და შეფასება, რაც მნიშვნელოვანი მესიჯია ინვესტორებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ჩვენს ქვეყანასთან ეკონომიკური თანამშრომლობისთვის.
FITCH-ის მოლოდინით საქართველოს ეკონომიკა მომავალ წელსაც მნიშვნელოვნად, 5%-ზე მეტით გაიზრდება. ეს საკმაოდ ახლოა როგორც ჩვენი, ისევე საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზთან. ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ bb არის საკმაოდ პოზიტიური შეფასება, რადგან ბევრი მნიშვნელოვანი მიღწევაა ხაზგასმული, რაც დამატებითი სტიმულია ეკონომიკისთვის", - განაცხადა დავითაშვილმა.
აღნიშნული შეფასება შემდეგმა ძირითადმა ფაქტორებმა გამოიწვია: ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი; სანდო მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა; მთავრობის ვალის დაბალი დონე; მმართველობის ხარისხი; ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება.
ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპზე ნათქვამია, რომ საქართველომ 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 6,9%-იანი რეალური ეკონომიკური ზრდა აჩვენა.
ანგარიშში წერია, რომ 2022-23 წლებში რუსეთიდან, ბელორუსიიდან და უკრაინიდან მიგრანტების ჩამოსვლის შედეგად ეკონომიკურ აქტივობაზე დადებითი ზემოქმედება, როგორც ჩანს, გაგრძელდება. Fitch ვარაუდობს, რომ მიგრანტი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ქვეყანაში დარჩება საშუალოვადიან პერიოდში, რაც ხელს შეუწყობს პოტენციურ ზრდას.
Fitch-ის შეფასებით, ეკონომიკური ზრდა 2024 წელს 5%, ხოლო 2025 წელს 5.1% იქნება.