"ქართული ოცნების" პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც პირებს მაუწყებლებისთვის სასამართლოსა და კომუნიკაციების კომისიაში საჩივრით მიმართვის ახალ მექანიზმებს განსაზღვრავს. სხდომაზე კანონპროექტის თანაავტორმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა რომ მაქსიმალური სანქცია რასაც კანონი ითვალისწინებს არის მაუწყებლებისთვის ავტორიზაციის შეჩერება, ასევე განსაზღვრულია გაფრთხილებებისა და საჯარიმო მექანიზმები.
წარდგენილი კანონპროექტი განსაზღვრავს "დაინტერესებული პირის" ცნებას, რომელსაც მაუწყებლების წინააღმდეგ 10-დღიან ვადაში სარჩელების აღძვრა შეეძლებათ. ამავე კანონპროექტში გაწერილია ახალი ამბების პროგრამების, საავტორო გადაცემებისა და სხვა ტელეპროგრამების ეთიკის სტანდარტები. ეს სტანდარტები შეეხება საგამოძიებო სიუჟეტების მომზადებას და მათ ეთერში გაშვებას, მაყურებლებისთვის თვალნათლივ ინფორმაციის მიწოდებისთვის სიუჟეტებში დადგმებსა და ინსცენირებებს, პირის ფარული აუდიო/ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებას თუკი აღნიშნული ჩანაწერი არ არის "საზოგადოების ინტერსის საგანი". ამ შემთხვევაში დაინტერესებული პირის საჩივრის განმხილველ ორგანოს მოუწევს გადაწყვიტოს არის თუ არა კონკრეტული ჩანაწერი "საზოგადოების ინტერესის საგანი". კანონპროექტი ასევე მედიებისთვის მთელ რიგ სხვა სტანდარტებსა და ვალდებულებებს განსაზღვრავს.
"თუ კონკრეტული ადამიანის მიმართ გავრცელდა ფეიკ ნიუსი, ამ ადამიანს ექნება ორი შესაძლებლობა, რომ მიმართოს თვითრეგულირების განხილვას და მოითხცოვოს პასუხის უფლება, რომ მასთან დაკავშირებული კონკრეტული ფაქტი არასწორად არის გავრცელებული და მაუწყებელმა თვითონვე თვითრეგულირების ფარგლებში აღიაროს თავისი შეცდომა და არასწორის ნაცვლად უკვე სწორი ფაქტი გააჟღეროს იმავე დროით და იმავე ფორმატში სადაც არასწორი ფაქტი გაჟღერდა. მეორე მექანიზმია რომ დაინტერესებულმა პირმა მიმართოს კომუნიკაციების კომისიას სადაც უნდა შეიტანოს შესაბამისი განცხადება სადაც მითითებული უნდა იყოს რა გავრცელდა, როდის გავრცელდა, რომელმა მაუწყებელმა გაავრცელა, რა ფორმატში გაავრცელა და ამავდროულად მაუწყებელსაც მოუწევს შესაგებელი შეიტანოს და უნდა დაამტკიცოს რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სწორი, ზუსტი და ინფორმაცია მოიძია ყველა შესაძლო წყაროდან. შემდეგ უკვე ეს ყველაფერი განსახილველი იქნება კომუნიკაციების კომისიის მიერ მიიღება გადაწყვეტილება, იქნება გაფრთხილება და დავალდებულება მაუწყებლისთვის რომ სწორი ფაქტი გაავრცელოს, კომისიის გადაწყვეტილება შესაძლებელი იქნება რომ სასამართლოში გასაჩივრდეს, მაგრამ ეს გასაჩივრება არ აჩერებს კომისიის გადაწყვეტილების მოქმედებას,"- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
"ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატ მარიამ ლაშხის კითხვაზე მოუწევს თუ არა კომუნიკაციების კომისიას ახალი კანონის აღსასრულებლად ადამიანური რესურსების დამატება, არჩილ გორდულაძე პასუხობს რომ კომისიას აქვს სათანადო მატერიალური და ტექნიკური ბაზა არსებული შტატითაც მოახდინოს საკითხების განხილვა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მას აქვს რესურსები ახალი კადრების აყვანისთვისაც.
"არის გაფრთხილება, შემდეგ არის ჯარიმა, ხოლო საბოლოო არის ავტორიზაციის შეჩერებაც კი. ოღონდ ავტორიზაციის შეჩერებას რაც შეეხება, კომისიის გადაწყვეტილება მაშინვე ძალაში არ შედის და ის სასამართლოს განსახილველია და მანამ სანამ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას იქამდე ის ვერ ამოქმედდება.
როდესაც გაფრთხილებაც გამოყენებულია და ჯარიმაც გამოყენებულია, შემდეგ უკვე მაუწყებლებიც ფრთხილად არიან და დარღვევას აღარ აგრძელებენ ხოლმე. ბევრი მაგალითია ამის.
რაც შეეხება რესურსებს, რა თქმა უნდა ეს რესურსები კომუნიკაციების კომისიაში ასეთი არსებობს, რადგან მათ მთელ რიგ შემთხვევებში, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ აქვთ ვალდებულება შემჭიდროებულ ვადებში მიიღონ გადაწყვეტილებები. მაგალითად საარჩევნო პერიოდში შემჭიდროებული - ორდღიანი ვადა მოქმედებს და ამ ვადაშიც ახერხებენ რომ გადაწყვეტილება მიიღონ. თუ ამას დასჭირდება დამატებითი რესურსები, კომუნიკაციების კომისიას აქვს მატერიალურ ტექნიკური ბაზა და თუ საჭირო გახდა ახალი თანამშრომლებიც დაიმატოს,"- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.




























