კომუნიკაციების კომისია 2024 წელს ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლების კლების მიზეზად წინასაარჩევნო პერიოდს ასახელებს.
კომისიის წლიურ ანგარიშში წერია, რომ 2024 წელს კომერციული სარეკლამო შემოსავლების კლება, გარკვეულწილად, წინასაარჩევნო პერიოდმა განაპირობა, რადგან კამპანიის მიმდინარეობისას მაუწყებლები სარეკლამო დროს ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებას უთმობდნენ.
გარდა ამისა, შემოსავლების შემცირება კომისიის ინფორმაციით, განაპირობა იმ ფაქტორმაც, რომ წლის განმავლობაში მაუწყებლები საგანგებო რეჟიმში, უწყვეტი პირდაპირი ეთერის ფორმატში, აშუქებდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რაც თავის მხრივ, წინასწარ დაგეგმილ საეთერო ბადეში ცვლილებებს განაპირობებდა. ეს კომერციული რეკლამისთვის დათმობილ დროზეც აისახა.
შარშან ტელევიზიების კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა ჯამში 70.7 მილიონი ლარი იყო, 2023 წელთან შედარებით კლება 19%-ია. 70.7 მლნ ლარიდან ყველაზე მეტი თითქმის 36% "იმედმა" მიიღო, რომელსაც ტრადიციულად ყველაზე მეტი სარეკლამო შემოსავალი აქვს. შემდეგ მოდის რუსთავი 2 თითქმის 15%-ით.
დანარჩენ არხებს შორის კომერციული რეკლამა ამ პროპორციით განაწილდა:
- მთავარი არხი – 10%;
- პოსტვი – 8.9%;
- ტელეკომპანია პირველი – 6.5%;
- ფორმულა – 5.4%;
- ბი ემ ჯი - 4.7%;
- ჯი-დი-სი - 3.6%;
- საზოგადოებრივი მაუწყებელი – 2.4%;
- სილქნეტი – 1.1%;
კომისიის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს დაფიქსირდა როგორც ტელემაუწყებლების დამფინანსებლების რაოდენობის, ისე განთავსებული რეკლამების ხანგრძლივობისა და რაოდენობის შემცირება.
"საუკეთესო შემოსავლების მქონე 10 მაუწყებლის შემოსავლების ანალიზის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რიგი მაუწყებლის ეთერში განთავსებული 1 წამი რეკლამის ფასის ზრდის მიუხედავად, მაუწყებლების მიერ კომერციული რეკლამის განთავსებით მიღებული შემოსავალი, გასულ წელთან შედარებით, შემცირებულია", - წერია ანგარიშში.
ტელემაუწყებლების რეკლამის დამკვეთებს შორის ფარმაცევტული სექტორი ლიდერობს - 8.9 მილიონი ლარით, მეორე და მესამე ადგილებს კი სურსათისა და სასმელების (6.2 მლნ ლარი) და დისტრიბუციის (4.4 მლნ ლარი) სექტორები იკავებენ.




























