„Geparts“ - ასე ჰქვია პლატფორმას, რომელიც 2020 წელს ადამიანების ცხოვრების გამარტივებისთვის შეიქმნა. სტარტაპი მომხმარებელს ავტოექსპერტის სერვისს სთავაზობს, რომელიც მას სასურველი ავტონაწილის მოძიებაში ეხმარება.
სტარტაპი რამდენიმე ბიზნესპარტნიორმა საკუთარი რესურსებით შექმნა. იქირავეს საოფისე ფართი, შეკრეს პატარა გუნდი და გაააქტიურეს მარკეტინგული აქტივობები.
Geparts-ის დამფუძნებელი და დირექტორი პაატა ბერიაშვილია, რომელიც გადაცემა „საქმიან დილაში“ აღნიშნავს, რომ იდეა ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში მუშაობისას გაუჩნდა, მაშინ, მიხვდა, რომ ავტონაწილების მოძიება ბაზარზე პრობლემაა.
„გვინდა ავტომოყვარულებისთვის ავტონაწილების მოძიების პროცესი მაქსიმალურად კომფორტული იყოს. იდეა ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობისას გამიჩნდა. ავტონაწილების მოძიების პროცესში თავად ვიყავი ჩართული და მივხვდი, რომ ბაზარზე ეს დიდი პრობლემაა. ადამიანს სასურველი ავტონაწილის ძიებისთვის სამი საათიდან ექვს საათამდე სჭირდება. ამასთან, არ არსებობს ცენტრალიზებული სისტემა, სადაც შეგიძლია შეხვიდე და იპოვო კონკრეტული ავტონაწილი.
ჩვენმა პლატფორმამ ეს რეალობა შეცვალა. Geparts-ზე მაქსიმუმ 15 წუთში მომხმარებელმა უკვე იცის რა ღირს, რა ბრენდია, რამდენ ხანში მოგიტანთ კონკრეტულ ავტონაწილს. სტარტაპის მთავარი უპირატესობა სიჩქარე და ავტოექსპერტის ჩართულობაა“ - ამბობს „Geparts“-ის დამფუძნებელი და დირექტორი
„Geparts“ საქართველოს მასშტაბით 1500-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს. ამ მონაცემებში ფიზიკური და იურიდიული პირები შედიან. სტარტაპის მომხმარებელს წვდომა, როგორც მეორად, ასევე ახალ ავტონაწილებზე აქვს. Geparts-ში მეორად ნაწილების წილი 60%-ია.