მათი ინფორმაციით, სს „მარგებელში“ შემავალი კომპანია შპს "ენგადის" მუშაობა ქუთაისსა და თბილისში სრულად პარალიზებულია.
„დღეს დისტრიბუტორების პროტესტს საწყობის თანამშრომლებიც შეუერთდნენ და გაფიცულთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა. ამ ეტაპისთვის სადისტრიბუციო კომპანიის ოპერირება სრულად პარალიზებულია და მაღაზიების მომარაგება ვერ ხერხდება.
დასაქმებულები ხელფასების ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა უშედეგო აღმოჩნდა. ამიტომ გაფიცულები მათთან ურთიერთობას პროფესიული კავშირის საშუალებით ითხოვენ, რათა მათი უფლებები დაცული იყოს. კომპანია პროფესიული კავშირების წარმომადგენელთან მოლაპარაკებებზე უარს აცხადებენ, რაც კანონმდებლობით სწორი არ არის.
ჩვენ შაბათს მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს, რათა მხარეებს შორის მოლაპარაკებებში მედიატორი ჩაერთოს. ველით უწყების გადაწყვეტილებას და პროცესში ჩართვას“, - განუცხადა BM.GE-ის პროფესიული კავშირის გაერთიანების წარმომადგენელმა ილია ლეჟავამ.
ის ამბობს, რომ თბილისის გარდა გაფიცვა გურიაში „ნაბეღლავის“ ქარხანაშიც მიმდინარეობს, თუმცა გაფიცულთა რაოდენობასა და იქ არსებულ მდგომარეობას ვერ აზუსტებს.
შეგახსენებთ, რომ 20 მაისს სს „მარგებელში“ შემავალი კომპანია „ენგადის“ 70-მა თანამშრომელმა ხელფასების ზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით ხელმძღვანელობას მიმართა.
შაბათს კომპანიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით კომპანიაში არსებული პროცესების კანონის ჩარჩოებში მოქცევას მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ და აცხადებდნენ რომ „მარგებელი“ ჰოლდინგში შემავალი კომპანიები, სს „წყალმარგებელი“ და შპს „ენგადი“ ,ფუნქციონირებას შეფერხებებით აგრძელებდნენ.