Lawformer-ის თანადამფუძნებელმა, მარიამ ჩადუნელმა ბრიტანეთის Global Tech Talent-ის ვიზა მოიპოვა. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ ისაუბრა.
Global Tech Talent არის ბრიტანეთის სახელმწიფოს მიერ შემოღებული სავიზო კატეგორია, რომელიც მიზნად გამორჩეული მონაცემების მქონე ინდივიდების მსოფლიო მასშტაბით მოზიდვას ისახავს, რათა შემდგომ დიდ ბრიტანეთში განაგრძონ მუშაობა და წვლილი შეიტანონ ამა თუ იმ დარგის განვითარებაში. ვიზის ფარგლებში, კანდიდატს 3-5 წლის განმავლობაში ბინადრობის უფლება და ვადის ამოწურვის შემდეგ, უვადო ბინადრობაზე განაცხადის გაკეთების საშუალება აქვს.
მარიამ ჩადუნელის თქმით, ვიზაზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ გასული წლის მონაცემებით, აპლიკანტების 6-10%-ს იღებენ. მიღების პირობები იმდენად კარგია, რომ ბრიტანეთში ბინადრობის უფლების მქონე პირებიც კი ცდილობენ ვიზის კატეგორიის შეცვლას და Global Tech Talent კატეგორიის მიღებას.
„ამ ვიზის უპირატესობა ისაა, რომ აღნიშნული ვიზა არ არის მიბმული რომელიმე კომპანიაზე ან ინდივიდზე, რაც ამ პერიოდის განმავლობაში საშუალებას იძლევა, რომ იყო "ფრილანსერი", სხვადასხვა პროექტში მიიღო მონაწილეობა და ა.შ, რაც განსაკუთრებით მიმზიდველია ტექნოლოგიების მიმართულებით დაინტერესებული პირებისთვის. ვიზის ეს კატეგორია რამდენიმე მიმართულებით გაიცემა, როგორიცაა ხელოვნება, კულტურა, მეცნიერება, ტექნოლოგიები და ა.შ. მე ტექნოლოგიების ნაწილში მივიღე. ყველა ამ მიმართულებას ჰყავს თავისი კურატორი უწყება, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს, ვის უნდა მიენიჭოს აღნიშნული სტატუსი", - აღნიშნა მარამ ჩადუნელმა.
მისივე თქმით, სააპლიკაციო პროცესი ორი ნაწილისგან შედგება. პირველ ეტაპზე, სხვადასხვა სახის დოკუმენტაციას ითხოვენ, რომელიც ყველაზე რთული ეტაპია. ამის შემდეგ, უკვე ვიზაზე შეიძლება განაცხადის გაკეთება.
"ტექნოლოგიების მიმართულებით გაცემული ვიზა კიდევ ორ ნაწილად იყოფა. ერთია - ტექ კანდიდატებზე (დეველოპერები, მონაცემთა ანალიტიკოსები და ა.შ) და მეორე - ბიზნეს კანდიდატებზე, რომლებიც ციფრულ სერვისებს არ ახორციელებენ, მაგრამ სხვა კუთხით ახდენენ სექტორის კონტრიბუციას. ესენი შეიძლება იყვნენ - ტექნოლოგიური სტარტაპების დამფუძნებლები, პროექტების მენეჯერები, ტექ ინვესტორები და ა.შ. ჩემი კანდიდატურა სწორედ ბიზნეს მიმართულებითაა“, - აცხადებს ჩადუნელი.