2023 წლის ციფრული მზაობის ინდექსში საქართველო 134 ქვეყანას შორის 78–ე ადგილს იკავებს.
შედარებით ძლიერი მხარე – 66–ე პოზიცია – მმართველობაა, მაგრამ გავლენის კომპონენტში საქართველო – 134 ქვეყანას შორის 98–ე ადგილზეა. ტექნოლოგიების და ადამიანების კომპონენტებშიც საქართველოს აქვს პოტენციალი ინდექსში უკეთესი პოზიციები აჩვენოს.
რაც შეეხება საქართველოს პოზიციებს სხვადასხვა ქვე–კომპონენტის მიხედვით – ნათლად ჩანს, რომ ციფრული მზაობის კუთხით, ყველაზე ძლიერი მხარე ადამიანები, ინდივიდები და ბიზნესებია.
ეს მოცემულობა უფრო დეტალური ჩაშლითაც დასტურდება: რითაც საქართველოს საშუალო მაჩვენებელი ოდნავ მაინც აჭარბებს ზედა მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს – ეს სწორედ ადამიანების კომპონენტია. შესაძლოა, ეს სხვაობა საკმაოდ უმნიშვნელოა, მაგრამ იმ ფონზე, როცა ყველა სხვა კომპონენტის მიხედვით და ისევე, როგორც ინდექსში საბოლოო პოზიციით, საქართველო ჩამოუვარდება როგორც თავისივე შემოსავლების ჯგუფის ქვეყნებს ისე, ევროპის საშუალო მაჩვენებელსაც – ეს მცირე სხვაობა აღსანიშნია.
ევროპის მასშტაბით, საქართველო 2023 წლის ციფრული მზაობის ინდექსში 39–ე პოზიციას იკავებს.
კიდევ უფრო დეტალურად რომ ჩავყვეთ ინდიკატორებს, ყველაზე მტკივნეული სფეროები საქართველოსთვის გამოდის მომავლის ტექნოლოგიები; ფინანსურ ანგარიშებთან ონლაინ წვდომა; ელექტრონული კომერციის კანონმდებლობა; ტელეკომუნიკაციების სერვისებში ყოველწლიური ინვესტიციები; განვითარებად ტექნოლოგიებში ინვესტიციები; გავლენა ეკონომიკაზე; მაღალტექნოლოგიური ექსპორტი; ადგილობრივი ბაზრის ზომა; SDG-კონტრიბუცია; მდგრადი ქალაქები და თემები.
2023 წლის ციფრული მზაობის ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა სკოლებში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.
რომ შევაჯამოთ, 2023 წლის ციფრული მზაობის ინდექსში (NRI) საქართველოს ყველაზე ძლიერ ინდიკატორებს შორისაა: ციფრული მზაობის ინდექსში სკოლებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა; ზრდასრულთა წიგნიერება; მოსახლეობა, რომელსაც ხელი მიუწვდება სულ მცირე 3G ინტერნეტზე; სოციალური ქსელების გამოყენება; მესამე მხარის ჩართულობა; რეგულირების ხარისხი; ციფრული ტექნოლოგიების მარეგულირებელი გარემო; გენდერული უთანასწორობა ინტერნეტის გამოყენებისას.
რაც შეეხება ყველაზე სუსტ ინდიკატორებს, რომლებსაც ინდექსი საქართველოს შესაძლებლობებად განიხილავს – მათ შორისაა: ხარისხიანი განათლება; ბიზნესის მხრიდან აქცენტი კვლევასა და განვითარებაზე; სატელეკომუნიკაციო სერვისებში ყოველწლიური ინვესტიციები; ელექტრონული კომერციის კანონმდებლობა; მდგრადი ქალაქები და თემები.
მოდი, დავიწყოთ საქართველოს პოზიციით ამ ინდექსში. რას გამოხატავს მისი პოზიცია და როგორი მაჩვენებელია ეს თუ შევადარებთ შესადარ ქვეყნებს?
ციფრული მზაობის ინდექსი არ აფასებს მხოლოდ ქვეყნების მიერ ტექნოლოგიების ათვისებას და ინვესტიციებს. მისი მიზანი ასევე არის, რომ შეაფასოს თუ როგორი გავლენა აქვს ამ ციფრულ პროგრესს და ტექნოლოგიების ათვისებას ეკონომიკაზე და საზოგადოების კეთილდღეობაზე. შესაბამისად, ტექნოლოგიურ ინდიკატორებთან ერთად, ინდექსში ვიყენებთ ისეთ კრიტერიუმებსაც, როგორიც არის ცხოვრების ხარისხი, ბედნიერების დონე, ეკონომიკური ზრდა. უშუალოდ საქართველოს შედეგებს რაც შეეხება, 2019–2023 წლებში საქართველო მერყეობს 68–78 პოზიციამდე. წელს, მაგალითად, 78–ე პოზიციაზე ვართ ამ ინდექსში. ეს ცვალებადობა შედეგებში რამდენიმე ფაქტორით არის ხოლმე გამოწვეული – ეს შეიძლება იყოს როგორც ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები და ის ინიციატივები, რასაც ახორციელებს ქვეყანა და ასევე გარე ფაქტორები, როგორიცა, მაგალითად, ინდექსში შეტანილი ინდიკატორების განახლება.
რომელი სჭარბობს ამ შემთხვევაში და ზოგადადაც, რას ენიჭება უფრო დიდი წონა – ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ არსებულ ფაქტორებს? რა განსაზღვრავდა ამ წლების განმავლობაში საქართველოს ტრაექტორიას?
ცხადია, უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს და იმ ინიციატივებს, რასაც ქვეყანა ახორციელებს ციფრული ტექნოლოგიების და ინვესტიციების მიმართულებით. ინდექსი 4 მიმართულებად იყოფა და ამ წლებში – 2019–2023 წლებში – ვხედავთ მსგავს ტრენდს ამ 4 მიმართულებით, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს საუკეთესო შედეგი აქვს ტექნოლოგიების მართვის და პოლიტიკის მიმართულებით და ამ ეტაპზე საქართველოს ინდექსში 66–ე პოზიციას იკავებს. ამას მოჰყვება ინდივიდის და ბიზნესების მიერ ტექნოლოგიების გამოყენება – 70–ე პოზიციაზე ვართ.
გამოწვევები სად ჩანს?
გამოწვევებში ჩანს, მაგალითად, ციფრულ ტექნოლოგიებზე და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა, სადაც 81–ე პოზიციაზე ვართ და ყველაზე დიდი გამოწვევა ამ 4 მიმართულებიდან ვიტყოდი, რომ არის ციფრული ტექნოლოგიების ათვისების და განხორციელებული ინვესტიციების გავლება ზოგადად ეკონომიკაზე და საზოგადოების კეთილდღეობაზე.
რა იგულისხმება აქ უფრო დეტალურად რომ გვითხრა ..
აქ იგულისხმება ისეთი ინდიკატორები, მაგალითად, როგორებიც არის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი, მდგრადი ქალაქების და თემების არსებობა, ზოგადად ბედნიერების ხარისხი ქვეყანაში, რამდენად ჯანსაღია გარემო, მოსახლეობა რამდენად ჯანსაღად გრძნობს თავს და ა.შ. რამდენად შეიძლება ტექნოლოგიები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დავაბალანსოთ ეს მომენტები – ძირითადად ამ მიმართულებებში გვაქვს გამოწვევა. წლევანდელ გამოცემაში ვხედავთ, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის გათვალისწინებით, საქართველოს აქვს მოსალოდნელზე დაბალი მაჩვენებელი ციფრული მზაობის კუთხით. რაც შეეხება ეკონომიკურ კლასიფიკაციას, საქართველო განეკუთვნება ზედა საშუალო შემოსავლის ქვეყნების ჯგუფს და იკავებს ამ მაჩვენებლით 24–ე ადგილს 34 ქვეყნიდან და მას აქვს ჯგუფის საშუალოზე მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ ერთი ძირითადი მიმართულებით – ეს არის ადამიანების და ბიზნესების მიერ ტექნოლოგიების ათვისება, ხოლო დანარჩენი სამი მიმართულებით მას აქვს საშუალოზე დაბალი შედეგი.
რომელი ქვეყანა შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ე.წ. როლური მოდელი საქართველოსთვის?
როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე ზოგადად ტექნოლოგიებზე და განსაკუთრებით – სტარტაპ ეკოსისტემაზე – ქართული კომპანიებისთვის ლოგიკური გაგრძელება არის ხოლმე, რომ შეედარონ დსთ–ის ქვეყნებს და ეს ბაზრები გარკვეული მაჩვენებლებით ჰგვანან ხოლმე ქართულ ბაზარს. მაგრამ მე ვიტყოდი, რომ თუ როლური ქვეყნის არჩევა გვინდა და ვთქვათ, გარკვეული ინიციატივების გადმოღება, რაც ამ ქვეყნებმა დანერგეს, ჩემი აზრით, ყველაზე კარგი მაგალითი იქნება, ვთქვათ, ესტონეთის კონცეფციების გადმოღება, რომელიც არა მარტო ევროპის რეგიონში, არამედ, მთელ მსოფლიოშიც ერთ–ერთი მოწინავეა – მეორე ადგილზეა წლევანდელი ინდექსით და ასევე გამოვყოფდი უკრაინასაც, რომელიც ერთადერთი ქვეყანაა ქვედა საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში, რომელიც ინდექსის რეიტინგის 50–ეულში მოხვდა ციფრული მზაობის მიხედვით. დღეს არის 43–ე ადგილზე. შესაბამისად, ამ ორ ქვეყანას ახასიათებს ის, რომ ყველა აქტორი ქვეყნის შიგნით აქტიურად არის ჩართული ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში – იქნება ეს მთავრობის მიერ სერვისების გაციფრულება, შესაბამისი კანონმდებლობის დანერგვა, სტარტაპების წახალისება თუ ზოგადად ციფრული განათლების და პროექტების ხელშეწყობა. მაგალითად, ესტონეთის განათლების სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ციფრული ტრანსფორმაციის პროცესებში და უკვე რამდენიმე წელია სახელმწიფო სტრატეგიაში დიდი ყურადღება ეთმობა ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობას......
ჯანდაცვა, არჩევნებში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა – ციფრული მზაობის ცხოვრების წესად ქცევა ...
ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივებია ზუსტად ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურების, ელექტრონული ჯანდაცვის და ზოგადად – ციფრული განათლების მიმართულებით, ესტონეთში ბოლო 10 წლის განმავლობაში, ამიტომაც გამოდგება ეს ქვეყანა საქართველოსთვის როლურ მოდელად.