"ოცნების მთავრობაში" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ალეხანდრო ჰაჟდენბერგს, შეხვდა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები იყო საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური პარამეტრები, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტები, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და ქვეყნისა და IMF-ის სამომავლო თანამშრომლობა.
სამინისტროს ცნობით, IMF-ის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა. მხარეების შეფასებით, 2021-2024 წლებში ქვეყნის ეკონომიკამ მნიშვნელოვანი მდგრადობა აჩვენა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გაუმჯობესდა როგორც უმუშევრობის დონე, ასევე დასაქმების მაჩვენებელი, და პოზიტიური დინამიკა 2025 წელსაც შენარჩუნდა.
უწყება წერს, რომ დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ ბოლო წლებში განახორციელა. ენერგეტიკასა და ლოგისტიკაში მიღწეულ გადაწყვეტილებებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაციას, რომლის შედეგადაც წლიური დანაზოგი 700 მილიონ ლარს აღემატება.
ყურადღება გამახვილდა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე, თბილისის ახალ აეროპორტსა და სხვ. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ორმხრივი ინტერესების პროექტების ჩამონათვალში შეტანა.
უნდა აღნიშნოს, რომ 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის თანხები გამოყოფილი არ არის, ანაკლიის პორტის ინფრასტურქტურის მშენებლობის პროცესისთვის გამოყოფილია 50 მლნ [ინვესტორი ისევ არ გამოვლენილა], ხოლო რაც შეეხება რკინიგზის მოდერნიზაციას, ბოლო ცნობებით, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტით გათვალისწინებული ექვსივე გვირაბის მშენებლობა დასრულებულია, საიდანაც 3-ში მატარებელი სტაბილურად მოძრაობს, 3-ში ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
ცნობისთვის, IMF-ის მიერ მხარდაჭერილი $280-მილიონიანი პროგრამა 2023 წლის ზაფხულში მას შემდეგ შეჩერდა, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. სწორედ ამ ცვლილებებით სებ-ის სტრუქტურაში გაჩნდა პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობებს ასრულებს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამ.
კიდევ ერთი საკითხი სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებული რეფორმა იყო. ფონდი მიიჩნევდა, რომ კანონპროექტში ასახული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების ის მოდელი, რომელსაც ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებული სტრატეგია ითვალისწინებდა – ფონდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო 3 საკითხი. ფონდი ცენტრალურ მნიშვნელობას ანიჭებდა სახელმწიფო საწარმოების თანამფლობელის სტატუსის ფინანსთა სამინისტროსთვის გადაცემას და ამ უწყების მიერ სახელმწიფო ფისკალური რისკების მუდმივ მონიტორინგს. მეორე და მესამე საკითხი სახელმწიფო საწარმოების კერძო სექტორთან კონკურენციას ეხებოდა. ფონდს მიაჩნდა, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო საწარმოების ფუნქციები უნდა შეზღუდულიყო.
ფონდის მისიის ბოლო პოზიცია ასეთია: "თუ საქართველოს მთავრობას სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის დაწყების ინტერესი ექნება, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ეს მოთხოვნა" - ასე პასუხობს IMF-ის დირექტორი ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში კითხვას, სჭირდება თუ არა საქართველოს ახალი პროგრამა.
საქმე ისაა, რომ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ BMG-ს განუცხადა, რომ საქართველოს მთავრობას ამ დრომდე IMF-ისგან ახალი პროგრამა არ მოუთხოვია და მიმდინარე წელს ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა არც იგეგმება. გიორგი კაკაურიძე განმარტავდა, რომ გასული წლებისგან განსხვავებით, ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ გამოკვეთილა მიმართულება და რეფორმა, რომელიც საქართველოსთვის სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის დაწყების საჭიროებას გამოკვეთდა.




























