მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია, ქვეყნები უსაფრთხო დერეფნების არსებობაზე დროულად შეთანხმდნენ

5eb1757781d3b
ვიქტორია მღებრიშვილი
05.05.20 19:00
1165
„საქართველომ პრაქტიკაში მიიღო გამოცდილება, რომელთა განხორციელებაზე სხვა მიმართულებები ახლა ფიქრობენ“, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარებთან ერთად საქართველოსა და მსოფლიოს ტურისტულ ინდუსტრიაში COVID-19-ით შექმნილ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.

ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

აშშ-ის ერთ-ერთი უძველესი და გავლენიანი კვლევითი უნივერსიტეტის პოლიტიკური მენეჯმენტის სკოლის 2020 წლის Global Perspective Residency პროგრამა, სრულად საქართველოს დაეთმო და ჩვენს ქვეყანაში პირველად ჩატარდა.

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პანელური დისკუსიის ფარგლებში, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტები და მსოფლიო დონის მკვლევარები მონაწილეობდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა, სადაც დეტალურად იყო საუბარი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ.

ონლაინ დისკუსიაში საერთაშორისო ექსპერტები საქართველოში სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად გამოყენების პროექტით და COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ საქართველოში გატარებული პრევენციული ზომების გატარებით დაინტერესდნენ.

„საქართველოს, როგორც ტურისტულ მიმართულებას უკვე აქვს ერთი უნიკალური და ვფიქრობ საუკეთესო კონკურენტუნარიანი უპირატესობა, ეს საკარანტინო სივრცეებია. თითქმის 2 თვე გავიდა საკარანტინო სივრცეების შექმნიდან, ჯამურად, ჩვენ ვსაუბრობთ 20 ათასამდე ადამიანზე, რომელმაც 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი უკვე გაიარა. ეს მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის მიერ აღსრულდა. მოქალაქეები არამხოლოდ განთავსებულები იყვნენ სასტუმროებში, არამედ სასტუმროების მხრიდან მათ ყველა აუცილებელი სერვისი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტებით მიეწოდებოდათ. ვფიქრობ ამ პროექტის ღირებულება ვირუსის გავრცელების შეკავების გარდა არის ტურისტული ინდუსტრიის დახმარება და იმის ჩვენება მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო ყველაზე სამაგალითო ტურისტული მიმართულებაა, რომელმაც პირველმა უკვე პრაქტიკაში მიიღო გამოცდილება და დაიცვა ყველა ის სტანდარტი, რომელთა განხორციელებაზეც სხვა ტურისტული მიმართულებები ახლა ფიქრობენ. ჩვენ მყარად ვართ დარწმუნებულები, რომ საქართველო გააგრძელებს პოზიციონირებას, როგორც მსოფლიოში უსაფრთხო ტურისტული მიმართულება”, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ონლაინ კონფერენციის მონაწილეებთან უსაფრთხო ტურისტული დერეფნების თემაზეც ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს ქვეყნებს შორის შეთანხმება უსაფრთხო დერეფნების არსებობაზე, ეს საშუალებას მისცემს ორ ქვეყანას შემომყვანი და გამყვანი ტურიზმის კუთხით უსაფრთხოდ ორმხრივად განავითარონ ინდუსტრია. ჩვენ გვექნება ძალიან მკაცრი რეგულაციები ყველა საზღვარზე, აეროპორტში, ეს განხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის და მოგზაურების უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარებს საქართველოს მთავრობის მიერ ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ადამიანების დახმარების პაკეტის შესახებაც ესაუბრა.

“საქართველოს მთავრობისთვის ყველაზე პრიორიტეტულია და უკვე დაიდო შეთავაზების პაკეტი, თუმცა დღეს ის უკვე არის გადახედვის რეჟიმში. მიმდინარეობს პირდაპირი დიალოგი კერძო სექტორთან და მუშაობა მოკლე ვადაში გვქონდეს ყველა პროფესიაზე მორგებული დახმარების პაკეტი სასტუმროების, სარესტორნო ბიზნესის, გიდების, ტურისტულიდა სატრანსპორტო კომპანიებისთვის და ა.შ. ჩვენ გვჯერა რომ ძლიერი კერძო სექტორი ნიშნავს ძლიერ ტურიზმის ინდუსტრიას, ამიტომაც დავაინიცირეთ კერძო სექტორთან პირდაპირი დიალოგი”, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

პანელური დისკუსიები ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარებისა და მაღალი რანგის საჯარო და სამოქალაქო სფეროს წარმომადგენელი ქართველი სპიკერებისა და ექსპერტების მონაწილეობით, სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე ჩატარდა. პროექტის მხარდამჭერები არიან ფონდი “პროდემოსი” და სექტორი 3.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები