საქართველოში ტურიზმის ინდუსტრია წელს რეკორდულ ნიშნულზე იქნება - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა „TV იმედის“ ეთერში განაცხადა.
„საქართველოში ტურიზმის ინდუსტრია წელს რეკორდულ ნიშნულზე იქნება. ტურიზმიდან ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტმა უნდა მიიღოს $4 მილიარდზე მეტი. უნდა ვუმასპინძლოთ ბევრ საერთაშორისო მოგზაურს. ჩვენმა კერძო სექტორმა უნდა განაგრძოს დოვლათის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ტურიზმის ინდუსტრიაში, ამიტომ თუ გარკვეულ ადამიანებს არა აქვთ იმის სურვილი რომ ამ პროცესში ჩვენს მეწარმეებს დაეხმარონ, მათ ვთხოვდი რომ მინიმუმ ხელი არ შეუშალონ“, - განაცხადა მან.
კითხვას, როგორია გეგმები, რამაც ტურიზმის ინდუსტრია რეკორდულ ნიშნულზე უნდა გაიყვანოს, შემდეგნაირად უპასუხა: „ ჩვენ 3 ძირითადი მიმართულებით ვმუშაობთ:
1. ტურიზმის სწორი პოლიტიკის აღსრულება და ქვეყნის სწორი პოპულარიზაცია. აქტიური მარკეტინგული კამპანიები გვაქვს ჩვენს სამიზნე ქვეყნებში. ანუ ევროპის ქვეყნები, ყურის ქვეყნები, ისრაელი, ჩინეთი, აშშ.
2. პირდაპირი ფრენები - ეს არის ის უმთავრესი ამოცანა რომელიც განაპირობებს ტურიზმის მდგრადობას და მეტი ტურისტის შემოყვანას, ისეთ ქვეყნებიდან რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ანუ რომლებიც მსყიდველუნარიანობით გამოირჩევიან.
ბევრს ვმუშაობთ, რათა ვნახოთ გაზრდილი სიხშირეები ჩინეთთან, რადგან საქართველოს მთავრობამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო როდესაც სავიზო რეჟიმი გააუქმა ჩინეთთან და ამაზე დადებითი რეაგირება მოახდინა მათ შორის ორი ქვეყნის კერძო სექტორმა. იზრდება ჩინელი ტურისტების ინტერესი საქართველოსადმი.თუმცა ჩვენ გვაქვს გამოწვევა, რომ გავზარდოთ და მეტად წვდომადი გავხადოთ საქართველო ჩინელი ტურისტებისთვის. მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია ბრიტანეთთან პირდაპირი ფრენების არსებობა და ვაწარმოებთ მოლაპარაკებები და იმედს ვიქონიებთ რომ მალე გავახარებთ ჩვენს საზოგადოებას ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით. ასევე მზარდია ისრაელი, როგორც ტურისტული ბაზარი. მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ველოდებით ისტორიული მაქსიმუმით შესრულებულ პირდაპირ ფრენებს ისრაელიდან. ჩვენი პოლიტიკა იმას ეფუძნება, რომ ტურიზმი გავხადოთ ყველასთვის ხელმისაწვდომი. ერთი ტურისტის დანახარჯი სამართლიანად გადანაწილდეს ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონზე დაბასა თუ სოფელზე.
3. ასევე ვმუშაობთ რომ დაიხვეწოს ჩვენი ქვეყნის ტურისტული ინფრასტრუქტურა, ისევე როგორც მუნიციპალური რადგან ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ ყოველი მომდევნო დღე ტურიზმში და არა მარტო, იყოს უკეთესი ვიდრე გუშინდელი", - განაცხადა მან.