მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარიამ ქვრივიშვილი ტაშკენტში ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობს

ტაშკენტი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობს, რომელიც ევროკავშირის თანაორგანიზებით “Global Gateway“-ის ინიციატივის ფარგლებში უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ტარდება.

ფორუმი უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ჯამშიდ ხოჯაევმა და ტრანსპორტის მინისტრმა ილჰომ მაჰკამოვმა, აგრეთვე ევროკომისარმა საერთაშორისო პარტნიორობის საკითხებში იოზეფ სიკელამ და ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა გახსნეს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია პანელური დისკუსია, სადაც მარიამ ქვრივიშვილი წარადგენს საქართველოს მთავრობის ხედვასა და გეგმებს, თუ როგორ შეუძლია ქვეყანას ხელი შეუწყოს ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის განვითარებას და ჩვენს რეგიონსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო სატრანსპორტო კავშირების დამყარებას.

უწყების ინფორმაციით, მარიამ ქვრივიშვილი მონაწილეობას მიიღებს ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრაშიც.

საქართველოს დელეგაციას ასევე წარმოადგენენ მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე.

აღსანიშნავია, რომ ფორუმის მიზანია ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ გააძლიეროს ევროკავშირის თანამშრომლობა პარტნიორ სახელმწიფოებთან ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების ხელშესაწყობად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები