საქართველოს ტურისტულ ადგილებსა და ძირითად საგზაო არტერიებზე მოწესრიგებული სველი წერტილები პრობლემად რჩება. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სახელმწიფო მოხელის მიერ გაცემული დაპირებების მიუხედავად, არაფერი იცვლება. დაპირება კი, არაერთი იყო.
2016 წელი. ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე: „საქართველოში სამ ძირითად საგზაო არტერიაზე, ყოველი 40 წუთის სავალ გზაზე, გასაჩერებელი ადგილები შეიქმნება, სადაც საპირფარეშოები და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა განთავსება“.
2021 წელი. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი: „ჩვენ შევიმუშავეთ პროექტის ფორმა, რომლითაც ეს პრობლემა <სველი წერტილების> ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრება. აქ ვხედავთ უდიდეს როლს კერძო სექტორისა და ვფიქრობთ, ეს იქნება ჩვენი გადმოსახედიდან ე.წ. PPP-თანამშრომლობა“.
"წერტილი უნდაა დაესვას მოუწესრიგებელ საპირფარეშოებზე საუბარს. ამისთვის კი აუცილებელია, მოგვიმისმინონ გიდებს, იმ ადამიანებს, ვისაც შეგვძლია ამ ქვეყნის თვალი და ყური ვიყოთ. ჩვენ ვართ ყველაზე პირველები ვისმენთ და ვხედავთ რა მოსწონთ და რა არა ტურისტებს, როდესაც საქართველოში მოგზაურობენ“, - თქვა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში გიდმა ნუცა ცქიმანაურმა, რომელიც ბევრი წელია ქვეყნის ტურისტულ ადგილებში საპირფარეშოების მოწესრიგების აუცილებლობაზე საუბრობს.
„საპირფარეშო არის ქვეყნის სახე“, - ამბობს გიდი, რომელმაც იმისთვის, რომ ამ პრობლემით შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ყურადღება მიექცია, წლების წინ სოციალურ ქსელ facebook-ში გვერდი „საქართველოს ტუალეტების გზამკვლევი“ შექმნა, სადაც სხვადასხვა ტურისტულ ადგილას არსებული სველი წერტილის ფოტოებს აქვეყნებდა. ალბომში ძირითადად მოუწესრიგებელი, არაჰიგიენური საპირფარეშოები ჭარბობდა.
"ეს გვერდი დაგვირეპორტეს, მაგრამ იმ საპირფარეშოების უმრავლესობის მდგომარეობა არ შეცვლილა. ტურებს იმის მიხედვით ვგეგმავთ გიდები, სადაც შედარებით მოწესრიგებული საპირფარეშოები გვეგულება. ამ პრობლემას წერტილი არ დაესვა. 15-20 ტურისტს ყოველთვის კაფეში ხომ არ შევიყვანთ ამის გამო?!“, - კითხულობს ნუცა ცქიმანაური.
გიდს მიაჩნია, რომ ჩინოვნიკებს სველი წერტილების მოწესრიგება პრობლემად არ მიაჩნიათ, რადგან თავად არ მოგზაურობენ.
"მარიამ ქვრივიშვილმა და სხვა ჩინოვნიკებმა იმოგზაურონ და ნახონ, როგორი ტუალეტები გვაქვს. ერთდღიანი, ყველაზე მარტივი მარშრუტი აიღონ - თბილისი-ყაზბეგი და გზად გუდაურის პანორამაც ნახონ, რომლის რეაბილიტაცია 2021 წელს მოხდა, მაგრამ პროექტში ტუალეტის გათვალისწინება დაავიწყდათ და დღეს, იქ ერთი ბიოსაპირფარეშო დგას და იქვე ახლოს ბეტონის ნაგებობა, რომელსაც რთულია სველი წერტილი უწოდო და ტურისტი შეიყვანო“, - ყვება გიდი.
მარიამ ცქიმანაურის აზრით, სველი წერტილების პრობლემის მოგვარებისთვის, საჭიროა, პირველ რიგში მისი აღიარება და შემდეგ ისეთი პროექტის მოფიქრება, რომლითაც კერძო სექტორი დაინტერესდება.
„გასაგებია, რომ ტუალეტების მართვა სახელმწიფოს საქმე არაა და მხოლოდ საპირფარეშოს მოწყობით კერძო სექტორიც არ დაინტერესდება, ამიტომ ალბათ საჭიროა, ცენტრალურ გზებზე მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის თუ კვების ობიექტების მოწყობა, რომელსაც სველი წერტილი ექნება. იმ ადგილებში კი, სადაც ბიზნესის ინტერესი არ გამოიკვეთება, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა უნდა აიღონ ვალდებულება, საჯარო საპირფარეშოს მოწყობის და მართვის. გვესმის, რომ ყველაფერს თავისი ხარჯი აქვს - საჭიროა, ტუალეტები იყოს სუფთა და მოწესრიგებული, ამიტომ არავინ ითხოვს, რომ იყოს უფასო. მთავარია, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები იყოს დაცული.
წლებია ამ პრობლემაზე ვსაუბრობ და როდესაც ტურიზმის ადმინისტრაციას ვუსვამ კითხვას, რომელიც ძალიან ბევრ ფინანსურს რესურსს ხარჯავს ქვეყანაში ტურისტების მოსაზიდად და მესმის, რომ ეს მათი პირდაპირი საქმე არაა, მაგრამ ქვეყნის ტურისტულ იმიჯზე ზრუნვა ხომ ეხებათ?! ისინი ეკონომიკის სამინისტროში გვამისამართებენ, ეკონომიკის სამინისტრო - ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროში და ეს უკანასკნელი კი, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში და ასე დავდივართ წრეზე. არავის უნდა პასუხისმგებლობის აღება“, - განაცხადა ნუცა ცქიმანაურმა.