ირაკლი კობახიძემ "ოცნების" მთავრობაში ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს მთავრობასა და ADP-ის წევრ TAV Airports შორის გაფორმებული განახლებული შეთანხმებისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ მან დღეს ხელშეკრულების ხელმოწერისა და თბილისის აეროპორტის გაფართოების პროექტის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულების მომზადებაში მიიღო მონაწილეობა. როგორც საერთაშორისო პარტნიორებს, ისე სახელმწიფო უწყებებს და თითოეულს პროფესიონალს, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ საქართველოს საავიაციო სექტორის განვითარებისთვის. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს და მის გუნდს, რომელიც წარმატებით უძღვებოდა ჩვენს უცხოეულ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს და რომელმაც უზრუნველყო ახალი ხელშეკრულების გაფორმება, წინა ხელშეკრულებასთან შედარებით რამდენჯერმე გაუმჯობესებული პირობებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობამ ADP-ის წევრ TAV Airports თბილისის აეროპორტის მართვის ხელშეკრულება 5 წლით 2031 წლამდე გაუხანგრძლივა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელშეკრულების ფარგლებში აეროპორტის გაფართოებისთვის ინვესტიცია 150 მლნ აშშ დოლარი იქნება.




























