მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მარილა” ლონდონსა და ნიუ-იორკში იყიდება” - როგორი იყო კომპანიისთვის 2023 წელი?

მარილა

გასული წლის ბოლოს ბაზარზე ინოვაციური საკვები პროდუქტის, ღვინის მარილის, პირველი ქართული ბრენდი - “მარილა” გამოჩნდა, რომელიც ღვინის თემატიკისა და სამკაულების ბრენდებთან - Emocia, Emocia Wines და Wine Diamond-თან - საერთო კომპანიაში ერთიანდება. როგორც დამფუძნებელი, თამარ აბულაძე BMG-სთან განმარტავს, 2023 წელი კომპანიისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, რაც “მარილასა” და Emocia Wines-ის ბრენდების ზრდამ განაპირობა.

“2023 საკმაოდ კარგი წელი იყო. ჩვენს ბრენდებზე ცნობადობა გაიზარდა. Emocia Wines-ისათვის ოპერირების მესამე წელი იყო, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მომხმარებელს ჩვენდამი ნდობა კიდევ უფრო განუმტკიცდა, გაიზარდა ლოიალური მომხმარებლების რაოდენობაც. მომხმარებლების რაოდენობის 30%-იანმა ზრდამ კი კომპანიის შემოსავალიც გაზარდა.

რაც შეეხება “მარილას” მიმართულებას, ეს ბრენდი გამოჩენისთანავე აიტაცა ქართველმა მომხმარებელმა. უცხო, უნიკალური პროდუქტია და დღემდე გვიწევს ახსნა, რამდენად კარგი გემოვნური თვისებები აქვს მას. თუმცა დაინტერესება ძალიან მაღალია, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ”, - აღნიშნავს თამარ აბულაძე.

“მარილას” ღვინის მარილის შეძენა საქართველოში, “#გადაეცი ემოცია”-ს შოურუმსა და “8000 მოსავალშია” შესაძლებელი, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქსელურ მარკეტებთანაც.

რაც შეეხება საექსპორტო მიმართულებებს, “მარილა” ლონდონსა და ნიუ-იორკში იყიდება.

“მოლაპარაკებები იტალიასთანაც გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის საექსპორტო მიმართულებების განვითარება და ექსპორტის ზრდა, იტალიასთან ერთად, გერმანიაშიც იგეგმება”, - აღნიშნა თამარ აბულაძემ.

თამარ აბულაძის ღვინის თემატიკის ბრენდები ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდა. ღვინის მარილის გარდა (“მარილა”), მათი ასორტიმენტი ღვინის ქვის აქსესუარებს (Emocia, Wine Diamond), ღვინის თემატიკის სამოსს, სადეგუსტაციო ჩანთებსა და ბრინჯაოს სუვენირებს (Emocia Wines) მოიცავს. ოთხივე ბრენდი კი გასულ კვირას, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე გახსნილ შოურუმშია წარმოდგენილი.

“2023 წელი ამ ყველაფრის წინაპირობა იყო. ამ წელს დავიწყეთ მაღაზიისთვის ფართის რემონტი, შრომა გავაასმაგეთ, დღეს და ღამეს ვასწორებდით და გამოვიდა. რა თქმა უნდა, ამისთვის მცირე დანაზოგიც მქონდა, თუმცა მხოლოდ შემოსავლით მაღაზიის გახსნა ძალიან რთულია. ჩვენი ოპერირების პირველივე დღიდან შემოსავალი ისევ ბიზნესში ბრუნდებოდა და სწორედ ასე დაიწყო, რომ Emocia-ს სამაჯურმა Emocia Wines-ი შვა, რომელსაც Wine Diamond-ი მოყვა და ა.შ. - ყველა ბრენდი ერთმანეთს ინახავს, საოპერაციო შემოსავალი კი ბრენდს უნდა მოხმარდეს, რათა ზრდა განაგრძოს”, - აცხადებს თამარ აბულაძე.

კომპანიის პროდუქციის ღირებულება 23 ლარიდან იწყება და 380 ლარამდე აღწევს. ახლად გახსნილ საწარმოში კი 5 ადამიანია დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები