იმის გამო, რომ რუსული მხარე არ იცავს "დუმილის რეჟიმს" და განაგრძობს მარიუპოლის და მისი შემოგარენის დაბომბვას, უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის ევაკუაცია გადაიდო.
მარიუპოლის ქალაქის ადმინისტრაცია მაცხოვრებლებს სთხოვს დაიშალონ და თავშესაფარ ადგილებს დაუბრუნდნენ.
"დამატებითი ინფორმაცია ევაკუაციასთან დაკავშირებით მალე გამოქვეყნდება. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან უსაფრთხო ჰუმანიტარული დერეფნის უზრუნველსაყოფად. მარიუპოლელებო მოითმინეთ!,"-ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, რამდენიმე წუთის წინ ქალაქის მერის მოადგილემ BBC-ს განუცხადა, რომ მარიუპოლში კვლავ დაბომბვა მიმდინარეობს და ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევაკუაციის მარშრუტის მიმართულებით ბრძოლები მიმდინარეობს.
BBC-იმ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, რაც შემდგომ უკრაინულმა მხარემაც დაადასტურა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰუმანიტარული დერეფნები დღეს, შაბათს, ქალაქ მარიუპოლიდან და ვოლნოვახიდან გაიხსნებოდა.
ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის მიზანი, მშვიდობიანი მოქალაქეების მიერ ქალაქების დატოვება იყო.




























