უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მარიუპოლის ბლოკირების სამხედრო გზით მოხსნა არ შეუძლიათ. ამის შესახებ მან ფრანგულ ტელეარხთან საუბრისას განაცხადა - წერს Unian-ი.
ზელენსკის თქმით, უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მარიუპოლის განბლოკვა მოხდეს.
„არ ვიცით, რამდენ საათს, თუ დღეს შეძლებენ ისინი (მარიუპოლის ბლოკადაში მოქცეული მოქალაქეები) გაძლებას. რაც შეეხება ჩვენს არმიას - მარიუპოლში ბლოკირების მოხსნა რომ შევძლოთ, საჭიროა, ამ ოკუპირებული 120 კილომეტრის გავლის შესაძლებლობა გვქონდეს, რის საშუალებასაც დღეს რუსეთის ტექნიკა არ გვაძლევს. ეს სიმართლეა. დღეისთვის ამის გაკეთება არ შეგვიძლია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტს მიაჩნია, რომ რუსეთის მიერ მარიუპოლის ბლოკირება ომს კი არა, ტერორისტულ ოპერაციას უფრო ჰგავს, რადგან ქალაქში უკრაინის დამცველების გარდა ქალები და უფროსი თაობის ადამიანები იმყოფებიან. „იქ შენობების 95-98% განადგურებულია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა და განმარტა, რომ საუბარია სკოლებზე, ბაღებზე, საცხოვრებელ უბნებზე, ქარხნებზე.
დღეს რუსულმა გამოცემებმა გაავრცელეს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოხსენება რუსეთის პრეზიდენტისადმი, რომლის მიხედვითაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მილიციამ „მარიუპოლი გაათავისუფლეს“. უკრაინული სამხედრო დანაყოფების დარჩენილმა შემადგენლობამ კი „აზოვსტალის“ ქარხანას შეაფარა თავი, რომელთა საერთო რაოდენობა 2 ათასამდეა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, მარიუპოლში სამუშაოების დასრულებისთვის საჭიროა 3-4 დღე. ამავე დროს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუს სამხედროებს მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე შეჭრა აუკრძალა და მისი ბლოკირების ბრძანება გასცა.




























