მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მარკეტები უპირატესობას იმპორტირებულ პროდუქტს ანიჭებენ“ - მეწარმე

624ee61c53843
მარიამ იზორია
07.04.22 22:40
657
ფერმერს, რომელიც 2018 წლიდან სვანურ სუნელ-სანელებლებს აწარმოებს და „თეთნულდის“ ბრენდის სახელით ყიდის, პროდუქტის რეალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.

როგორც მეწარმე მაია ზურებიანი bm.ge-სთან განმარტავს, ბრენდს პროდუქტის, კერძოდ, სვანური მარილის ქსელურ მარკეტში შეტანის სურვილი აქვს, თუმცა კომპანიებისგან უარს იღებს.

მისივე თქმით, „თეთნულდი“ ყველა აუცილებელ მოთხოვნას, მათ შორის შეფუთვის კუთხით, აკმაყოფილებს, თუმცა ქსელური მარკეტებისგან უარის ძირითადი მიზეზი იმპორტირებულ პროდუქციაზე უპირატესობის მინიჭებაა.

„მაქვს პროდუქტის ხარისხის ოქმი. ვაწარმოებ ნატუალურ სანელებლებს. ქსელურ მარკეტებში სვანური მარილის შეტანა მინდა და შემიძლია კონკრეტული ქსელი სრულიად მოვამარაგო. ის მარკეტები, რომლებშიც პროდუქტი გასაყიდად მივიტანე, თანამშრომლობაზე უარს მეუბნებიან. მიზეზებად, მაგალითად ამბობენ, რომ პროდუქტი საინტერესო არ არის, ერთ-ერთმა ქსელურმა მარკეტმა ისიც მითხრა, რომ უპირატესობას იმპორტირებულ პროდუქტს ანიჭენებ და ჩვენს სუნელებს ვერ შეიძენდნენ. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მათი მოთხოვნები დამეკმაყოფილებინა. შესაფუთი მასალებისთვის ბანკიდან თანხაც ვისესხე.

სამწუხაროა, რომ ქართველ მეწარმეებს ხელშეწყობა არ გვაქვს. როცა რეალურად ნატურალურ პროდუქტს ვაწარმოებთ. როგორ შეიძლება იმპორტირებულ პროდუქტს ანიჭებდე უპირატესობას და ადგილობრივ მეწარმეს ამის გამო უარს ეუბნებოდე. ქართულ ნაწარმს საერთაშორისო ბაზარზე უფრო აფასებენ, იტალიაში ვიზიტისას „თეთნულდის“ სანელებლებით ბევრი ადამიანი დაინტერესდა, პროდუქტის შეძენის სურვილი გერმანიიდანაც გამოთქვეს“ - ამბობს მეწარმე.

ცნობისთვის: ფერმერმა სუნელების წარმოება 2018 წელს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" 5 000-ლარიანი დაფინანსებით დაიწყო. მეწარმეს ნედლეული სვანეთში მოყავს, წარმოების პროცესი კი თბილისში - სახლის პირობებში მიმდინარეობს. „თეთნულდის“ სუნელებს ფერმერი საკუთარ მცირე მაღაზიაში ყიდის, რომელიც წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები