დღეს, სურსათის ფასებზე შექმნილი სამთავრობო კომისია პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. bm.ge-ის ინფორმაციით, შეხვედრა 12:00 საათზეა დაგეგმილი. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია რედაქციას მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
როგორც 22 იანვრის საღამოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მომდევნო კვირას იგეგმება მწარმოებლებთან შეხვედრა.
"ხვალ [23 იანვარს] გვექნება შეხვედრა დისტრიბუტორებთან, ორშაბათს [26 იანვარს] გვაქვს დაგეგმილი შეხვედრა პროდუქციის ქართველ მწარმოებლებთან. ასევე, შეხვდებით ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებს, ვინაიდან მედიკამენტებზე ფასების შესწავლაც არის ჩვენი კომისიის ერთ-ერთი მანდატი. ბოლო შეხვედრა შედგება უკვე საწვავის რეალიზატორებთან.
სპეციფიკა მსგავსია განსაკუთრებით მედიკამენტებსა და სურსათს შორის. ასევე საწვავის შემთხვევაშიც, იგივე პრინციპია იმპორტი, დისტრიბუცია, რეალიზაცია. ერთი და იგივე ჯაჭვი მოქმედებს, ამიტომ გავაერთიანეთ ყველა ეს საკითხი და ერთიანად გვინდა შევისწავლოთ ფასნამატი სამივე პროდუქტის შემთხვევაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მას არ დაუკონკრეტებია ფარმასექტორისა და საწვავის რეალიზატორებთან დაგეგმილი შეხვედრების თარიღები.
ცნობისთვის, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" პრემიერის ანონსის შესაბამისად შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა.




























