კომპანია „ფრიქსის“ კომერციული დირექტორის ირაკლი ქურდაძის განცხადებით, აუცილებელია საცალო ქსელების მარჟის გადახედვა. მისი თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქსელების მოგებიანობა გაორმაგებულია. ამის შესახებ მან ფასების სამთავრობო კომისიის წევრებსა და მწარმოებლების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განაცხადა.
„უნდა მოხდეს ქსელების მარჟის გადახედვა. მათი მოგებიანობა ბოლო 5 წლის განმავლობაში გაორმაგებულია. მწარმოებლებმა, ისე როგორც დისტრიბუტორებმა, მაქსიმალური ოპტიმიზაცია გავაკეთეთ, ახლა ქსელების ჯერია, რომ გადახედონ მოგებასა და საოპერაციო ხარჯებს, ეს კი ფასების კლებას გამოიწვევს. მათი „ქეშბექი“ 20%-დან დაახლოებით 45%-მდეა გაზრდილი. ეს იწვევს ფასების ზრდას“, - განაცხადა კომპანია „ფრიქსის“ წარმომადგენელმა ირაკლი ქურდაძემ.
ცნობისთვის, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" პრემიერის ანონსის შესაბამისად შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა.




























