დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ რითეილ სექტორთან ურთიერთობისას ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიწოდებულ პროდუქციაზე ანგარიშსწორების ვადები რჩება.
როგორც BMG-სთან ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა რიჟამაძე ამბობს, რეალიზებული პროდუქციის სანაცვლოდ, სავაჭრო ქსელების მხრიდან დადგენილი ანაზღაურების ვადები 1 თვის ვადიდან 90 დღემდეც მერყეობს.
მისი თქმით, გადახდის მსგავსი ვადები საბოლოოდ მიმწოდებლებს საბრუნავი საშუალებების დეფიციტის წინაშე აყენებს, რის გამოც სექტორს ახალი ფინანსური ვალდებულებების აღება უწევს, ეს ყველაფერი კი, საბოლოოდ პროდუქციის ფასშიც აისახება.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ კანონმდებლობის დონეზე გადახდის ვადები დარეგულირდეს და ზედა ზღვარი დაწესდეს.
„გადახდის ვადები ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხია მთლიანად სადისტრიბუციო სექტორისთვის და ადგილობრივი მწარმოებლებისთვის. ყოველწლიურად მზარდი ვადები საკმაოდ მნიშვნელოვანი ფინანსური წნეხია საბოლოოდ თითოეული ბიზნეს სუბიექტისთვის და მათ შორის საბოლოოდ პროდუქტის ფასზეც თავის გავლენას ახდენს. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ვითარდება რითეილის ბაზარი და ხდება დამატებითი პროდუქციის შეტანა და ამ გაზრდილი მოცულობის ქსელში თვეობით გაჩერება, ეს ნებისმიერ შემთხვევაში მძიმე ფინანსურ ტვირთად შეგვიძლია განვიხილოთ და საბოლოოდ თავის ნეგატიურ გავლენას, რა თქმა უნდა, ახდენს ფასის ფორმირებაზე.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან სამწუხაროდ საბანკო პროდუქტი არის საკმაოდ ძვირი და ის პროცენტული მაჩვენებელი, რაც არის სესხის კუთხით, საკმაოდ მძიმე ტვირთად აწვება, შესაბამისად, ეს საბანკო პროცენტიც საბოლოოდ ისახება პროდუქციის ფასში, რომელიც მომხმარებელს ხვდება თაროზე.
გადახდის ვადები დამოკიდებულია პროდუქციის ტიპზე და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სადღაც ერთი თვიდან 3 თვემდე მერყეობს, ამ შუალედში არის ძირითადად გადახდის ვადები, რაც გაწერილი აქვთ საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტებს მიმწოდებლების უმრავლესობასთან. არსებობს „ფრეშ“ პროდუქტები, სადაც შედარებით უფრო მალე ხდება გადახდა, მაგრამ ძირითადი ბირთვი პროდუქციისა, რაც გვაქვს ბაზარზე, მათ გადახდას პროდუქციის რეალიზაციიდან 2-დან 3 თვემდე სჭირდება.
ევროპის ბევრ ქვეყანაში და ყველა განვითარებულ ქვეყანაში ძირითადად რეგულირებულია გადახდის ვადები. მათ შორის, არსებობს ევროკავშირის დირექტივა, რომელიც მორგებულია იმაზე, რა რეალობაც გააჩნიათ ევროპის ქვეყნებს. გადახდის ვადის დადგენა, ზედა ზღვრის, ცალსახად ვფიქრობთ, რომ ეს, რა თქმა უნდა, დადებით გავლენას მოახდენს, მათ შორის პროდუქციის ფასთან მიმართებაში მინიმუმ სტაბილურობას შეუწყობს ხელს. აქ ჩვენ არ ვსაუბრობთ, რომ რაღაც პირდაპირპროპორციულად შეიძლება გაიაფდეს, მაგრამ მთლიანობაში შეგვიძლია ავიღოთ საზღვარგარეთის პრაქტიკა, მოვარგოთ ჩვენს რეალობას და ვადების დადგენა, რაზეც მიდის ახლა საუბარი, რა თქმა უნდა, დადებითი იქნება ყველა მწარმოებლისა და სადისტრიბუციო კომპანიისთვის. უბრალოდ ეს ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ არ დაზიანდეს რითეილი, იმიტომ რომ ეს სექტორი აწყობილია ისეთ ფორმატში, რომ ძირითადად თანხის მობილიზებას ახდენს დისტრიბუციისა და მწარმოებლების ხარჯზე.
ჩვენ არ ვსაუბრობთ, რომ რაიმე ისეთი ტიპის გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რომ რითეილი დაზიანდეს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ის ვადები, რაც დღეს გვაქვს სადისტრიბუციო სექტორს და ადგილობრივ მწარმოებლებს, ძალიან დიდია და მთლიანად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რითეილის განვითარებას სრულად აფინანსებს სადისტრიბუციო სექტორი და ადგილობრივი მწარმოებლები“, - ლაშა რიჟამაძემ.



























