ჰერაკლიონის საერთაშორისო აეროპორტის საავიაციო განვითარების დირექტორი დეა მაჭავარიანის შეფასებით, რომ მარკეტინგული მხარდაჭერის გარეშე ქართულ საავიაციო ბაზარზე ევროპული ავიაკომპანიები არ იფრენენ.
"ინსენტივების გარეშე არავინ იფრენს. იფრენენ რუსული და მეზობელი ქვეყნების ავიაკომპანიები, სადაც ზუსტად იციან, რომ რეისი გაევსებათ. როგორც წესი მსგავსი მარკეტინგული კამპანიის შედეგი ხუთ წელიწადში იდება ხოლმე", - ამბობს მაჭავარიანი.
მარტის ბოლოდან საქართველოში British Airways-მა ფრენები განაახლა. ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 31 მარტს თქვა, რომ ავიაკომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა, რათა საქართველოს მიმართულების პოპულარიზაცია მოხდეს.
შესყიდვების სააგენტოს საიტზე ატვირთული დოკუმენტის მიხედვით, ბრიტანულ ავიაკომპანიასთან ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ხელშეკრულება ოთხ აპრილს გააფორმა. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 88.5 ათასი ფუნტია (გადასახადების ჩათვლით), ხოლო მის გარეშე 75 ათასი ფუნტია. ამ თანხას საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია სარეკლამო კამპანიისთვის იხდის.
“საქართველო ევროპელებისთვის ნაკლებად პოპულარული მიმართულებაა. შესაბამისად, რაც უფრო ნაკლებად პოპულარული მიმართულებაა მით უფრო მეტი რესურსი იხარჯება იმისთვის, რომ ავიაკომპანია მოვიზიდოთ. ინსენტივი საკმაოდ აპრობირებული მეთოდია ევროპის ყველა აეროპორტში. ძირითადად თანხა იხარჯება აეროპორტისგან და ტურიზმის დეპარტამენტისგან. სადაც უკვე არის დიდი ტურისტული ნაკადი და ხშირია რეისები როგორც წესი, ამ მიმართულებებზე ფული არ იხარჯება. მაგალითად ბრიტანეთზე თუ ვსაუბრობთ და რამდენიმე კომპანია აპირებს ამ მიმართულებით ფრენას, უნდა შეირჩეს ის ავიაკომპანია, რომელსაც უფრო მეტი სიხშირე აქვს. მაგალითად თბილისი-ლონდონზე თუ ერთი ავიაკომპანია აპირებს ფრენას კვირაში 3 ან 4 სიხშირით და მეორე იფრენს ერთი სიხშირით. რა თქმა უნდა, უპირატესობა მიენიჭება მას, რომელიც უფრო ხშირად იფრენს. ასევე მნიშვნელოვანია რამდენად პოპულარულია ეს ავიაკომპანია ბრიტანეთში. მაგალითად თუ ფრენას აპირებს British airways და აირზენა" (Georgian airways) რა თქმა უნდა, უპირატესობას ვანიჭებთ British airways-ს იმიტომ, რომ ბრიტანელები თავიანთი ავიაკომპანიით იფრენენ", - ამბობს მაჭავარიანი.




























