აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მომავალ კვირას დანიის ლიდერებს შეხვდება. მანვე მიანიშნა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გრენლანდიის მიერთების გეგმაზე უარის თქმას არ აპირებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მარკო რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპი მიზნის მისაღწევად სამხედრო გზის გამოყენების შესაძლებლობასაც განიხილავს.
"თუმცა, როგორც დიპლომატი, ყოველთვის ვამჯობინებ საკითხის სხვა გზებით მოგვარებას, მათ შორის ასე იყო ვენესუელაშიც", - აღნიშნა რუბიომ კითხვაზე, მზად არის თუ არა აშშ, გრენლანდიის ძალისმიერი მეთოდით ხელში ჩაგდებით, ნატოს ალიანსი საფრთხის წინაშე დააყენოს.
Reuters-ის თანახმად, დანიისგან, რომელიც აშშ-ის დიდი ხნის მოკავშირეა, მინერალებით მდიდარი კუნძულის სამხედრო გზით მიტაცება ტრამპსა და ევროპელ ლიდერებს შორის უფსკრულს გააღრმავებს. საკითხმა აშშ-ის კონგრესშიც წინააღმდეგობა გამოიწვია; დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორები აცხადებენ, რომ სენატი საბოლოოდ კენჭს უყრის კანონმდებლობას, რომელიც ტრამპს გრენლანდიის ხელში ჩაგდების მცდელობას შეუზღუდავს.
ტრამპმა კუნძულზე კონტროლის მოპოვების იდეა პირველად 2019 წელს, პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს გააჟღერა. ის ამტკიცებს, რომ ეს აშშ-ის სამხედრო სტრატეგიისთვის საკვანძოა და დანია მის დასაცავად საკმარისს არ აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ ორი ხელშეკრულება (1951 და 2023 წლების) აშშ-ის სამხედრო ძალებს კუნძულზე თითქმის შეუზღუდავ წვდომას აძლევს.
6 იანვარს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ტრამპი გრენლანდიის შეძენის ვარიანტსაც განიხილავს. კერძოდ, თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა ოთხშაბათს დაადასტურა, რომ გრენლანდიის პოტენციური შესყიდვის საკითხს ტრამპი და მისი უსაფრთხოების გუნდი აქტიურად განიხილავენ.
"პრეზიდენტ ტრამპისთვის მაგიდაზე ყოველთვის ყველა ვარიანტი დევს... თუმცა პრეზიდენტის პირველი არჩევანი ყოველთვის დიპლომატიაა", - განაცხადა მან.
ევროპის ქვეყნებისა და კანადის ლიდერებმა გრენლანდიას მხარდაჭერა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ კუნძული მის ხალხს ეკუთვნის. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ოთხშაბათს ტრამპთან საუბრისას დანიისადმი მხარდაჭერა დააფიქსირა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელ პარტნიორებთან ერთად მოქმედება სურს. ანონიმური წყაროს ცნობით, საპასუხო ზომების კოორდინირებას დანია უნდა ხელმძღვანელობდეს, თუმცა "დანიელებს ჯერ არ უცნობებიათ ევროპელი მოკავშირეებისთვის, კონკრეტულად რა სახის მხარდაჭერის მიღება სურთ".
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერს გრენლანდიასა და დანიას და არ შეეგუება საერთაშორისო სამართლის დარღვევას, სადაც არ უნდა მოხდეს ეს.
ამავდროულად, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიანიშნა, რომ რუბიომ მასთან საუბრისას სამხედრო ოპერაცია გამორიცხა: "გუშინ ტელეფონით ვესაუბრე სახელმწიფო მდივანს... მან უარყო იდეა, რომ ის, რაც ვენესუელაში მოხდა, შეიძლება გრენლანდიაშიც განმეორდეს".
გრენლანდია აშშ-ის მიერ ანექსიას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
"გრენლანდია არასდროს ყოფილა გასაყიდი და არც არასდროს იქნება", - განუცხადა Reuters-ს დანიის პარლამენტის გრენლანდიელმა დეპუტატმა აია ჩემნიცმა და აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ სამხედრო ინტერვენციის არგამორიცხვას "სრულიად შემაშფოთებელი" უწოდა.




























