მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მართე“ - დროის სამართავად შექმნილი ქართული წიგნაკი და სტარტაპის გეგმები

6082c851bf211
ვიქტორია მღებრიშვილი
23.04.21 22:00
1737
სტარტაპი „მართე“ - პანდემიამდე რამდენიმე ხნით ადრე ხუთმა მეგობარმა და ბიზნესპარტნიორმა დააფუძნა და მიზნად ქართული წიგნაკის პოპულარიზაცია დაისახა.

როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქეთი ფაჩულია BM.GE-ისთან საუბრისას აღნიშნავს, სხვადასხვა სახის ქართული წიგნაკის გამოცემისთვის დღემდე პარტნიორებმა 20 000 ლარამდე ინვესტიცია ჩადეს და 1 500-ზე მეტი ქართული წიგნაკი საქართველოში გამოსცეს.



სტარტაპის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ქართული წიგნაკისადმი ინტერესი დიდია. „წარმოების დაწყებისას ჩვენი მოტივაცია ისეთი ქართული წიგნაკის შექმნა იყო, რომელიც ასაკის შეუზღუდავად, სხვადასხვა ცხოვრების სტილის მქონე ადამიანების ინტერესებს მოერგებოდა, მათ დროის პროდუქტიულად მართვასა და საქმის დაპრიორიტეტებაში დაეხმარებოდა.

არსებობს მოსაზრება, რომ წიგნაკები მოძველდა, თუმცა საქმის წამოწყებიდან დღემდე არსებულმა პერიოდმა ცხადყო, რომ ჩვენ ეს ბარიერს არ გვიქმნის, რადგან უამრავი ადამიანი, ვისაც უყვარს ხელით წერა და ჩანიშვნა, ჩვენი წიგნაკებით ინტერესდება“, - ამბობს ქეთი ფაჩულია.

„მართეს“ გეგმებს ხელი ვერც პანდემიამ შეუშალა და სტარტაპერებმა დღემდე რამდენიმე სახის წიგნაკი გამოსცეს. „მართეს“ ერთ-ერთი ავტორი აღნიშნავს, რომ დღეს მომხმარებელში დიდი ინტერესით მათი ბოლო პროდუქტი „მართე მოტივაცია“ სარგებლობს.

„პანდემიის დაწყების შემდეგ გავაკეთეთ რამდენიმე დროსა და მოცემულობას მორგებული საინტერესო პროექტი, „მართე მოტივაცია“, რომელიც ასევე ჩვენი ყოველდღიური მეგზურია, მოტივაციის ამაღლებასა და მართვაში გვეხმარება. პანდემიის დაწყებამდე დავიწყეთ მუშაობა და შევქმენით წიგნაკი „მართე სასტუმრო“- სასტუმროებისთვის ტურიზმისა და სასტუმროების მართვის სპეციალისტ ნატალია სოხაძის თანაავტორობით, რომლის მიზანი საშუალო და მცირე, სასტუმროების მომსახურე პერსონალისთვის საქმის გამარტივება იყო, რის საშუალებასაც წიგნაკის კონცეფცია იძლევა. თუმცა პანდემიის გავლენით ამოქმედებული ლოქდაუნების გამო ჩვენი გეგმები ამ მიმართულებით ცოტა ხანი შეჩერდა და ჩვენმა გუნდმა ქოუჩ და ბაირონ ქეითის წიგნის მთარგმნელ თინათინ ბასილაიასთან თანამშრომლობით წიგნაკი „მართე მოტივაცია“ გამოსცა, რომელიც შემოდგომისთვის გამოვუშვით. ინტერესი ამ წიგნაკის მიმართ საკმაოდ დიდი იყო და საახალწლოდ დაახლოებით 1 000 ცალამდე გავყიდეთ“, - აღნიშნა „მართეს“ ერთ-ერთმა ავტორმა.


აღსანიშნია, რომ წიგნაკები „მართეს“ ფეისბუქისა და ინსტაგრამის საშუალებით აქტიურად იყიდება, ასევე სხვადასხვა ონლაინ-გაყიდვის პლატფორმებზე. „მართეს“ წიგნაკები „სტამბა ბუქსის“ მაღაზიასა და სუპერმარკეტების ქსელ „ჯორჯიტაშია“ შესული. დღეისთვის, წიგნაკების რეალიზაციის მიზნით თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები „ბიბლუსთან“ მიმდინარეობს.

„მართეს“ დღეს 10-მდე ადამიანი ქმნის და პანდემიური მდგომარების გათვალისწინებით „მართე მოტივაციის“ პროექტის ფარგლებში ქოუჩ - თინათინ ბასილაიასთან ერთად კორპორატიული და ინდივიდუალური ტრენინგების დაწყებას გეგმავს. ქეთი ფაჩულია BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, რომ ამ ეტაპზე კომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისივე თქმით, პარტნიორები ეპიდვითარების გათვალისწინებით „მართე სასტუმროს“ პროექტს სისრულეში აუცილებლად მოიყვანენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები