საქართველოს ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე ამ ეტაპზე სტაბილურობა ნარჩუნდება, თუმცა, გლობალურ პოლიტიკურ პროცესებში მოვლენების განვითარება საყურადღებოა - ამის შესახებ „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ლევან სილაგავა აცხადებს.
მისი განმარტებით, ამ დროისთვის, ქვეყანაში ხორბლის მარაგების მხრივ შეფერხებები არ არსებობს - წისქვილკომბინატები ფასების შენარჩუნებას ახერხებენ, რაც ბაზარზე მშვიდ გარემოს ქმნის.
„ხორბლის მარაგი არის, ფქვილის წარმოება მუშაობს, ფასი სტაბილურია და შეფერხებები ამასთან დაკავშირებით არ არის. რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს ხორბალთან დაკავშირებით, რეალურად, მარტის ბოლოს უფრო უკეთ გვეცოდინება ეს პროგნოზი, იმიტომ რომ ტრადიციულად, მარტში მომდევნო წლის ანალიტიკა ზუსტდება - როგორ გადაიტანენ ნათესები ზამთარს მსოფლიოში და რეგიონალურად“, - აცხადებს ლევან სილაგავა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის ძირითად საორიენტაციო მიმართულებებს რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი და ევროკავშირი წარმოადგენს. წინასწარი მონაცემებით, მიწოდება სტაბილური იქნება, თუმცა რეკორდული მოსავალი მოსალოდნელი არ არის.
ამასთან, მიუხედავად არსებული სტაბილურობისა, ასოციაციის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს ფასების ოდნავ მატებას, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ეს პროცესი საგანგაშო ხასიათს არ ატარებს.
„ჯერჯერობით ფასები ასე თუ ისე, სტაბილურია, თუმცა შეინიშნება ფასების მცირედით მატება. ეს მატება, წინასწარი პროგნოზებით ალბათ, შემდეგი ორი-სამი თვის განმავლობაში ძალიან დიდ კატაკლიზმებს არ გამოიწვევს, იმიტომ რომ ფაქტობრივად, მარტში ახალ ნათესს ველოდებით და სავარაუდოდ დააბალანსებს ფასების მატებას ეს ყველაფერი,“ - განმარტავს სილაგავა.
მისივე თქმით, საყურადღებოა საერთაშორისო არენაზე მიმდინარე პოლიტიკური პროცესებზეც, რაც საერთაშორისო ვაჭრობასა და ლოგისტიკაზე აისახება.
„მსოფლიოში ალბათ, ლოგისტიკა გადალაგდება, ირანის კონფლიქტიდან გამომდინარე. შესაბამისად, შეიძლება, საერთაშორისო ვაჭრობას დაეტყოს ეს ყველაფერი. სავარაუდოდ, ენერგომატარებლის ფასზე იქნება გარკვეული საკითხები დამოკიდებული. უფრო მეტი დეტალი უკვე გვეცოდინება დაახლოებით, მიმდინარე თვის ბოლოს, როდესაც მსოფლიოში პოლიტიკური სიტუაცია და ზოგადად ხორბლის მოსავლის მოლოდინი გაირკვევა,“ - განმარტავს ლევან სილაგავა.
სილაგავას თქმით, ხორბლის თვითღირებულებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი შედის, მათ შორის, ტრანსპორტირების ხარჯები და ენერგომატარებლების ფასი, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება საბოლოო პროდუქტზე.
საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე ხორბლის საექსპორტო ფასმა მცირედით მოიმატა, რისი მთავარი მიზეზიც ირანზე განხორციელებული სამხედრო დარტყმების ფონზე გაჩენილი გეოპოლიტიკური გაურკვევლობაა. ამჟამინდელი მონაცემებით, ერთთვიან პერიოდში ხორბალი საშუალოდ 10%-ით არის გაძვირებული, ხოლო წლის დასაწყისიდან დღემდე მატების მაჩვენებელი 14%-ს აღწევს. ანალიტიკოსების განმარტებით, ინვესტორები და ტრეიდერები ამჟამად აფასებენ იმ პოტენციურ გავლენას, რომელიც შესაძლოა ამ კონფლიქტმა მარცვლეულის მიწოდების ჯაჭვსა და ლოგისტიკაზე იქონიოს.




























