ნიდერლანდის საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ მოქმედი ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯების გამო, რამაც ქვეყანაში მდგომარეობა გააუარესა, დროებით წყვეტს MATRA-ს ერთ-ერთ კანონის უზენაესობის პროგრამას. შესაბამისი განცხადება საელჩოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
"ეს მართლაც რთული გადაწყვეტილება იყო. ქვეყნის კანონის უზენაესობის გაძლიერების პროცესში, ნიდერლანდების სამეფო ყოველთვის იყო და არის საქართველოს მხარდამჭერი და პარტნიორი. MATRA-ს კანონის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში, წლების განმავლობაში, ორასამდე ქართველმა ოფიციალურმა პირმა და საჯარო მოხელემ მიიღო მონაწილეობა სასწავლო პროცესში, რამაც საქართველოს საჯარო ინსტიტუციის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. თავის მხრივ, ქართველმა მონაწილეებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს სასწავლო პროგრამის ხარისხის განვითარებაში. MATRA-ს პროგრამის კურსდამთავრებულები ჩვენი საელჩოს კონტაქტების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.
პროგრამის დროებითი შეწყვეტა უკავშირდება ქვეყანაში გაუარესებულ მდგომარეობას, რაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმულმა ქმედებებმა გამოიწვია.
ვიმედოვნებთ, მომავალში ქვეყანაში მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, კვლავ შევძლებთ ქართველი მონაწილეების მიღებას", - წერს საელჩო.
MATRA-ს პროგრამა ნიდერლანდების სამეფომ 1993 წელს შექმნა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიზაციის პროცესის მხარდასაჭერად. თავდაპირველად მისი მიზანი პოსტკომუნისტური ქვეყნების სოციალური ტრანსფორმაცია იყო, მოგვიანებით კი პროგრამამ ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ხელშემწყობი ფუნქცია შეითავსა. ის ძირითადად მიმართულია კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული სფეროების მხარდაჭერაზე. პროგრამის ფარგლებში ტრენინგებს თანამდებობის სხვა პირებთან და საჯარო მოსამსახურეებთან ერთად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებიც გადიოდნენ.
საელჩოს ინფორმაციით, წლების განმავლობაში, რაც MATRA საქართველოში ხორციელდება, 200-მდე ქართველმა ოფიციალურმა პირმა და საჯარო მოხელემ მონაწილეობა მიიღო სასწავლო პროცესში, „რამაც ქვეყნის საჯარო ინსტიტუციების გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა“.




























