ციფრული HR საკონსულტაციო კომპანია HR SPACE-ის დამფუძნებელი და დირექტორი, ირინა გაგოშიძე ამბობს, რომ დასაქმების ბაზარზე ტენდენციები მნიშვნელოვნად შეიცვალა.
როგორც მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, პანდემიამ და ტექნოლოგიურმა განვითარებამ თანამშრომლების მიდგომები საფუძვლიანად გარდაქმნა.
„ბიზნესში შეიცვალა აღქმა – მარტო კარგი ხელფასი უკვე საკმარისი არ არის. თანამშრომლებს სურთ კომპლექსური პირობები : შესაბამისი ანაზღაურება, ჯანსაღი სამუშაო გარემო, მოქნილი გრაფიკი და დამატებითი სარგებელი“, - აღნიშნა გაგოშიძემ.
მისივე თქმით, თანამშრომლების მოტივაციაში გადამწყვეტ როლს სწორედ დამსაქმებლის დამოკიდებულება ასრულებს: „როდესაც ადამიანი თავს დაფასებულად გრძნობს, ყველაზე პროდუქტიულია. თუნდაც საუკეთესო პირობების შეთავაზებისას თუ დამოკიდებულება დაბალანსებული არ არის, თანამშრომლის შენარჩუნება რთულია“, - ამბობს HR SPACE-ის დირექტორი.
მისი თქმით, თანამედროვე რეალობაში HR-ის როლი მხოლოდ ვაკანსიების მენეჯმენტით აღარ შემოიფარგლება : „HR-ს უნდა ჰქონდეს კომპლექსური ხედვა, როგორ მოიზიდოს, შეინარჩუნოს და განავითაროს ტალანტი. სწორედ ეს აძლევს კომპანიას სტრატეგიულ უპირატესობას“, - თქვა მან.




























