მარტში საქართველოს საგარეო ვალი 138 მილიონი დოლარით გაიზარდა - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. სტატისტიკის თანახმად, საგარეო ვალმა 2025 წლის 31 მარტს 8.7 მილიარდ დოლარს მიაღწია.
ვალის მატების მთავარი მიზეზს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ვალის სავალუტო კომპოზიცია. საქმე ისაა, რომ ვალის ორი მესამედი ევროში არის ნომინირებული, ხოლო ევრო ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში გამყარების მკვეთრ ტენდენციას ინარჩუნებს. ამის გამო, დოლარში გამოსახული ვალის მოცულობაც იზრდება.
თუკი 2025 წლის 28 თებერვალს ერთი ევრო 1.04 დოლარი ღირდა, 31 მარტს ის 1.09 დოლარი ღირდა, რაც 5%-იანი გაუფასურებაა. სწორედ ეს გაუფასურება აისახა მათ შორის საქართველოს სახელმწიფო ვალის ზრდაზეც. უკვე 14 აპრილის მდგომარეობით ერთი ევრო 1.14 დოლარი ღირს. შესაბამისად, საგარეო ვალის მოცულობა აპრილშიც გაიზრდება და მან შესაძლოა 8.9 მილიარდ დოლარსაც გადააჭარბოს.
ეს გაცვლითი კურსის სხვაობის გამო საქართველოს საგარეო ვალის ყველაზე მკვეთრ მატებას წარმოადგენს.
რაც შეეხება უშუალოდ კრედიტორებს, მათ მიმართ ვალის ნაშთი ასე ნაწილდება:
| # | კრედიტორი | ვალის ნაშთი დოლარებში |
| 1 | აზიის განვითარების ბანკი (ADB) | 2,292,574,000 |
| 2 | მსოფლიო ბანკის ჯგუფი | 2,126,075,000 |
| 3 | ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) | 1,111,208,000 |
| 4 | საფრანგეთი (AFD) | 783,587,000 |
| 5 | გერმანია (KFW) | 582,674,000 |
| 6 | ევრობონდი | 500,000,000 |
| 7 | სებ-ის ვალი IMF-ის მიმართ | 358,083,000 |
| 8 | აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) | 215,941,000 |
| 9 | ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) | 213,452,000 |
| 10 | მთავრობის ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ (IMF) | 179,042,000 |
| 11 | ევროკავშირი (EU) | 143,309,000 |
| 12 | იაპონია | 121,792,000 |
| 13 | სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) | 37,312,000 |
| 14 | ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) | 15,085,170 |
| 15 | ავსტრია | 10,721,000 |
| 16 | ქუვეითი | 8,537,000 |
| 17 | ამერიკის შეერთებული შტატები | 5,902,000 |
| 18 | რუსეთი | 3,997,000 |
| 19 | სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) | 3,178,000 |
| 20 | თურქეთი | 1,139,000 |
| 21 | ყაზახეთი | 636,000 |
| 22 | აზერბაიჯანი | 585,000 |
| 23 | სომხეთი | 516,000 |
| 24 | ირანი | 427,000 |
| 25 | თურქმენეთი | 211,000 |


























