მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მას [მარიამ ქვრივიშვილს] არავინ ეკითხება ეკონომიკის სამინისტროში რა პოლიტიკას გაატარებს“ - თინა ხიდაშელი

თინა ხიდაშელი

„სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებლის თინა ხიდაშელის შეფასებით, "ოცნების" მთავრობის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახლად დანიშნულ მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს ეკონომიკის სამინისტროში რა პოლიტიკას გაატარებს არავინ ეკითხება.

BM.GE-სთან ეკონომიკის სამინისტროში დღეს გაცხადებული საკადრო ცვლილების შეფასებისას, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ დანიშვნას სერიოზულად ვერ აღიქვამს, რადგან დღეს საქართველოში ყველაფერს ფუნქცია და შინაარსი გამოცლილი აქვს. თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ მარიამ ქვრივიშვილი არც ლიდერია და არც ტექნოკრატი, როგორიც ლევან დავითაშვილი იყო. ის აცხადებს, რომ მაშინ როდესაც ქვეყანაში პოლიტიკურ ლიდერებს ციხეში უშვებენ და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკა ისმის, მინისტრის პოსტზე დათანხმებას "სერიოზული "გამბედაობა" სჭირდება".

"დღეს საქართველოში ყველაფერს ფასი, ფუნქცია და შინაარსი გამოცლილი აქვს, ამიტომ მანდ არაფერი განსაკუთრებული არ არის. მას არავინ ეკითხება ეკონომიკის სამინისტროში რა პოლიტიკას გაატარებს. სამწუხაროდ, საკითხი ასე არ დგას. გამბედაობა სხვა რამეს სჭირდებოდა და ეს „დასაფასებელია“, რომ ამ პირობებში როდესაც 7 ოპოზიციონერი ლიდერი ციხეში გაუშვეს, როდესაც ზუსტად იცი, რომ ქვეყანასთან, ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით შენი პოტენციურად მნიშვნელოვანი პარტნიორების მხრიდან ხდება და დღეს მინისტრობას თანხმდები, სერიოზული „გამბედაობა“ სჭირდება. ამ დანიშვნას სერიოზულად ვერ აღვიქვამ. საერთოდ როდესაც მინისტრის თანამდებობას იკავებს ადამიანი ნებისმიერ ქვეყანაში და განსაკუთრებით უზარმაზარი ეკონომიკური და სიღარიბის გამოწვევების მქონე ქვეყანაში იქ მინისტრად გამწესების ორი ვერსია არსებობს - ან უნდა იყო პოლიტიკური ლიდერი, ჩამოყალიბებული პოლიტიკური ხედვების, პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანი, ან უნდა იყოს ტექნოკრატი დარგის პროფესიონალი, როგორიც იყო ლევან დავითაშვილი, სხვა ვერსია აქ არ არსებობს. სხვა ყველა შემთხვევაში მარიონეტი ხარ. გნიშნავენ იმიტომ რომ პოლიტსაბჭოში ზიხარ, ყველაფერზე თავს აქნევ, არაფერზე რეაქცია არ გაქვს, სკამი შეზღუდულია - ეს ბევრჯერ დაამტკიცა ივანიშვილმა, რომ შორს ვეღარ იყურება და ახალია ადამიანები ვეღარ მოჰყავს, ამიტომ მაგიდის გარშემო ვინც სხედან, მხოლოდ იქიდან აკეთებს არჩევანს. ეს ძალიან სახიფათოა ქვეყნისთვის და იმ საქმისთვის, რომელსაც გაბარებენ.

მე მისი რაიმე პოლიტიკური ლიდერშიფის შესახებ არ მსმენია, არასდროს გამიგია მისგან რაიმე ისეთი ტიპის განაცხადები, სიახლეები, ინოვაციური იდეები, რომელიც კრიზისის დაძლევისკენ იქნებოდა მიმართული, მხოლოდ პოლიტიკურ კრიზისს არ ვგულისხმობ, ეკონომიკური კრიზისები მაქვს მხედველობაში. ამიტომ ეს ჩემთვის ძალიან კონკრეტული განაცხადია იმაზე - რა მნიშვნელობა აქვს ვის რა სახელი გვერქმევა", - აცხადებს თინა ხიდაშელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები