მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მას შემდეგ, რაც რუსეთი ყველგან დამარცხდა, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს?!" - სალომე ზურაბიშვილი

ევროპარლამენტი

ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატებს მიმართა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო რუსულ გავლენასთან ბრძოლაში დამარცხდება, ეს საფრთხეს არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას შეუქმნის. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც რუსული ინტერვენცია თითქმის ყველა ქვეყანაში დამარცხდა, საქართველოში გამარჯვების შანსი არ უნდა მიეცეს.

"საქართველო არის, იყო და, დარწმუნებული ვარ, იქნება, დასავლეთისა და ევროპის მთავარი საყრდენი რეგიონში, რომლის დაკავებასაც რუსეთი ცდილობს, რადგან რუსეთს ახსოვს ძველი იმპერიის გენერლების ნათქვამი: “ის, ვინც ფლობს თბილისს, ფლობს კავკასიას”. ეს რუსეთისთვის არ შეცვლილა.

თუ საქართველო დამარცხდა რუსულ კონტროლთან, და არ ვსაუბრობ სამხედრო ინტერვენციაზე, არამედ საარჩევნო და კონსტიტუციურ დარღვევებზე, ფსონი ძალიან მაღალია და საფრთხეს შავი ზღვის უსაფრთხოებას, აზიასთან კავშირს, სომხეთის ევროპულ მომავალს უქმნის. შესაბამისად, ეს უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ქართული დემოკრატია და პოლიტიკური არჩევანი.

მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდა სირიაში, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს?

მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდა უკრაინაში დამკვიდრების მცდელობაში, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს?

მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდა მოლდოვაში, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს?

და მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდა რუმინეთში და, იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ ერთხელ დამარცხდება, საქართველოში უნდა გაიმარჯვოს?

ეს კითხვები თქვენთვისაა, რადგან რუსეთი რასაც ახლა ჩვენთან ცდილობს, ინტერვენციის ნაკლებად ძვირად ღირებული ვერსიაა, რომელიც იყენებს ქვეყანაში რუსეთის მოკავშირეებს, ჩვენსავე დემოკრატიულ ინსტრუმენტებს, არჩევნებს და თავის მმართველობას აწესებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ევროპარლამენტის წევრებს მოუწოდა, უფრო სწრაფად იმოქმედოს და ქართველ ხალხს ევროპული ღირებულებების დაცვაში გვერდით დაუდგნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები