ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ენერგეტიკის მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს და მხარი დაუჭირეს გეგმას, რომლის მიხედვითაც 2028 წლის იანვრისთვის გაერთიანების ტერიტორიაზე სრულად შეწყდება რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის იმპორტი.
აღნიშნული გეგმის ფარგლებში რუსული იმპორტის შეწყვეტა ეტაპობრივად მოხდება. ამავე გეგმის პირველი ფაზა ითვალისწინებს 2026 წლის იანვრიდან ახალი კონტრაქტების გაუქმებას, არსებული მოკლევადიანი კონტრაქტების ამავე წლის ივნისიდან ბათილად ცნობასა და გრძელვადიანი კონტრაქტებიდან 2028 წლის იანვრამდე სრულ გამოთიშვას.
აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და სისრულეში მოსაყვანად ევროპარლამენტის თანხმობაა საჭირო. ევროპის უმთავრეს საკანონმდებლო ორგანოში კი ამ საკითხთან დაკავშირებით დებატები ახლაც გრძელდება.
იმპორტის შეწყვეტით ევროკავშირი მიზნად წევრი სახელმწიფოების სრული ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევას და რუსული გავლენების მინიმუმამდე დაყვანას ისახავს. არანაკლებ პრიორიტეტულია კრემლისთვის იმ საჭირო სახსრების შემცირება, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს ხმარდება.
2022 წელს უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდგომ, რუსული ბუნებრივი აირის წილი ევროკავშირის ქვეყნების იმპორტში 45%-დან 12%-მდე შემცირდა. ტოპ იმპორტიორ ქვეყნებად კი კვლავ რჩებიან საფრანგეთი, ბელგია და უნგრეთი.




























