არაბთა გაერთიანებული საამიროების [UAE] სახელმწიფო კომპანია Masdar-მა SOCAR-თან ოთხი გიგავატის სიმძლავრის ქარისსა და მზის ელექტროსადგურის მშენებლობაზე შეთანხმება გააფორმა.
როგორც აზერბაიჯანული სააგენტო Trend წერს, არაბთა გაერთიანებული საამიროების განახლებადი ენერგიების ყველაზე მსხვილი კომპანია აზერბაიჯანში 230 მეგავატის სიმძავრის მზის ელექტროსადგურის პროექტს უკვე ახორციელებს.
აზერბაიჯანის მსგავსად, Masdar საქართველოშიც გეგმავს მზის ელექტროსადგურის მშენებლობას. ამ ეტაპზე პროექტთან დაკავშირებით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ სავარაუდო წლიური გამომუშავება 196,7 მლნ.კვტ.სთ, საპროექტო ღირებულება კი თითქმის 87 მლნ. აშშ დოლარი იქნება.
მზის ელექტროსადგური გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალ სამგორში უნდა აშენდეს. სადგურის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება ენერგეტიკის განვითარების ფონდს დაევალა. აშენების შემთხვევაში ის საქართველოში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგური იქნება.