ქართლის რეგიონში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მდებარე ბიომეღვინეობა „მაშოს მარანი“ პირველ საექსპორტო პარტიას საფრანგეთში აგზავნის. მეღვინეობის დამფუძნებლის დავით მეჭიაურის განცხადებით, ღვინო ექსპორტზე მაქსიმუმ ორ კვირაში გავა, ხოლო მისი რეალიზაცია პრემიუმ სეგმენტის რესტორნებსა და ღვინის ბუტიკებში იგეგმება.
როგორც მეჭიაური BM.GE-სთან აცხადებს, მეღვინეობა ქართლის ორ ენდემურ ჯიშზე - გორულ მწვანესა და შავკაპიტოზე მუშაობს, ხოლო ვენახი ბიოსერტიფიცირების პროცესშია.
„ვენახი მდებარეობს გორის რაიონში, სოფელ შინდისში. გვაქვს ორი ჯიში - გორული მწვანე და შავკაპიტო. ეს ქართლის უძველესი ჯიშებია და, შეიძლება ითქვას, მათი გაცოცხლება გადავწყვიტეთ. ამ ეტაპზე ბიოგარდამავალი სერტიფიკატი გვაქვს, მომავალ წელს კი ოფიციალურ ბიოსერტიფიკატს მივიღებთ“, - ამბობს მეჭიაური.
მისივე ინფორმაციით, ღვინო საფრანგეთში მასობრივი ქსელებისთვის არ არის განკუთვნილი.
„ღვინო უკვე ჩამოსხმულია და მაქსიმუმ ორ კვირაში საფრანგეთში გავა. ეს არ არის მარკეტების ღვინო. ჩვენი პარტნიორები მას მაღალი კლასის რესტორნებსა და ბუტიკებში განათავსებენ. მათ შორის, ძალიან მალე ღვინო საქართველოშიც გამოჩნდება, „8000 მოსავლის“ მაღაზიებში“, - აცხადებს ის.
კომპანიის ინფორმაციით, ექსპორტზე ერთი ბოთლის ფასი პირველ ეტაპზე 12 ევრო იქნება, ხოლო ბიოსერტიფიკატის მიღების შემდეგ მისი ზრდაა მოსალოდნელი. „ამ ეტაპზე ექსპორტზე ერთი ბოთლი 12 ევროდ გადის. როდესაც ბიოსერტიფიკატი გვექნება, პირველ ეტაპზე ფასის დაახლოებით 20-30%-ით გაზრდას ველოდებით“, - ამბობს მეჭიაური.
მეღვინეობის დამფუძნებლის თქმით, საფრანგეთის გარდა, კომპანიამ საკუთარი პროდუქცია ჩინეთშიც წარადგინა, სადაც პარტნიორების ინტერესი უკვე გამოიკვეთა.
„ჩინეთში გამოფენაზე ვიყავით და ჩვენი ღვინო დიდი ინტერესით მიიღეს. ველოდებით თანამშრომლობის გაგრძელებას. რაც შეეხება საფრანგეთს, ჩვენი პარტნიორი თანამშრომლობს კომპანიებთან იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და ნაწილობრივ გერმანიაში, ამიტომ ეს მხოლოდ საფრანგეთის ბაზარი არ იქნება და მას გარკვეულწილად ჰაბის ფუნქციაც კი შეიძლება ჰქონდეს. გარდა ამისა, რუსეთიდანაც იყო მოთხოვნა, თუმცა გადახდის პირობები ჩვენთვის მისაღები არ აღმოჩნდა, ამიტომ ამ ეტაპზე ამ ბაზარზე შესვლისგან თავი შევიკავეთ“, - ამბობს მეღვინეობის დამფუძნებელი.




























