მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მასკი ამერიკაში ახალ პოლიტიკურ პარტიას დააფუძნებს?

მასკი ტრამპი

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი მორიგ ხმამაღალ განცხადებას ავრცელებს. ილონ მასკის თქმით, თუ ამერიკელი კანონმდებლები დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ “დიდებულ კანონპროექტს” მხარს დაუჭერენ და, შესაბამისად, აშშ-ის ფედერალურ ბიუჯეტს რამდენიმე ტრილიონი დოლარით გაზრდიან, რაც, სავარაუდოდ, სწორედ ასე მოხდება, მილიარდერი იძულებული იქნება ამერიკაში ახალი პოლიტიკური პარტია — “ამერიკა” დააფუძნოს.

ილონ მასკის შეფასებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ფორმალურად არსებული ორი პარტია, რეალურად, ერთი პარტიაა და მისი წევრები ამერიკელების ინტერესებზე არ ზრუნავენ. ამიტომაც, ილონ მასკი ახალი პარტიის შექმნას აანონსებს, რომელსაც ამბიციური სახელი აქვს — “ამერიკის პარტია”. მილიარდერის თქმით, არსებული კანონმდებლები შემდეგ არჩევნებს წააგებენ, თანაც ის ამ გეგმის აღსრულებას მაშინაც აპირებს, თუ ეს “უკანასკნელი რამ იქნება, რასაც ის დედამიწაზე გააკეთებს”.

მილიარდერის ამ ამბიციურ განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა. პრეზიდენტის თქმით, ილონ მასკის უკმაყოფილების მიზეზი მთავრობის მიერ დემოკრატიული პარტიის მიერ შექმნილი სუბსიდიების გაუქმებაა, რომლის ერთ-ერთი უდიდესი მიმღები მასკის ელექტრომობილების კომპანია Tesla იყო. ტრამპის თქმით ის EV-ებს არ ეწინააღმდეგება, მაგრამ არ სურს, ამ ტიპის ავტომობილები მთავრობამ მოქალაქეებს ძალით მიჰყიდოს.

“ილონ მასკმა, შესაძლოა, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი სუბსიდია მიიღოს, მაგრამ სუბსიდიების გარეშე მას კომპანიის დახურვა და სამხრეთ აფრიკაში დაბრუნება მოუწევს”, - წერს ტრამპი და DOGE-ის გუნდს ამ საკითხით დაინტერესებისკენ უბიძგებს. ამ გზით, როგორც ტრამპი ამბობს, დიდი ფულის დაზოგვა შეიძლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები