მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კოსმოსური კომპანია SpaceX-ი საფონდო ბირჟაზე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გასვლისთვის ემზადება. როგორც ირკვევა, უმსხვილესი სტარტაპი აქციების Nasdaq-ის ბირჟაზე განთავსებას განიხილავს.
Reuters-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, კომპანია Nasdaq 100-ის ინდექსში მოხვედრას ცდილობს და ამბობს, რომ არჩევანს მასზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეაჩერებს, თუ გაწევრიანების პროცესი დაჩქარებული წესით წარიმართება.
უცხოური მედიის ცნობით, საფონდო ბირჟაზე დალისტვის შემდეგ SpaceX-ის შეფასების $1.75 ტრილიონ დოლარამდე გაზრდას მოელის, რაც მას საბაზრო კაპიტალიზაციით აშშ-ის მეექვსე უმსხვილეს კომპანიად აქცევს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Nasdaq-ის პარალელურად მასკი მოლაპარაკებებს ნიუ-იორკის საფონდო ბრიჟასთან, NYSE-სთანაც აწარმოებს, თუმცა ტექ-გიგანტის ამჟამინდელ ფავორიტად კვლავ თავდაპირველი ვარიანტი განიხილება.
ანალიტიკოსების შეფასებით, SpaceX-ის Nasdaq-ზე დალისტვის გეგმას ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ ინდექსმა გასულ თვეში გაწევრიანების დაჩქარების ინიციატივა წარადგინა, რაც სწორედ SpaceX-ის, Anthropic-ისა და OpenAI-ის მსგავსი გიგანტური კომპანიების მოსაზიდადაა შექმნილი. ცნობისთვის, მოქმედი რეგულაციებით, ახალბედა კომპანიებს მსხვილ ინდექსებში მოსახვედრად ხშირად ერთწლიანი ლოდინი უწევთ, ახალი წესი კი მათ საშუალებას მისცემს, ინდექსის წევრები ერთ თვეზე ნაკლებ დროში გახდნენ. ამის ერთადერთი წინაპირობა კი ის არის, რომ მსურველი სტარტაპის საბაზრო ღირებულება ტოპ 40 კომპანიას შორის უნდა ხვდებოდეს. ამ მოთხოვნას SpaceX-ი აკმაყოფილებს.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ Nasdaq 100-ში გაწევრიანება SpaceX-ისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან მასკის კომპანია მსხვილ ინსტიტუციურ ინვესტორებსა და ინდექსურ ფონდებზე წვდომას ყველაზე მარტივად სწორედ ამ გზით მოიპოვებს. ეს კი აქციების ლიკვიდურობასა და სტაბილურობას გაზრდის.
შეგახსენებთ, SpaceX-ის საფონდო ბირჟაზე დებიუტს ივნისის თვეში გეგმავს და ის ეკონომისტების შეფასებიტ უკვე მიიჩნევა წლის მთავარ ფინანსურ მოვლენად. ინვესტორები ვარაუდობენ, რომ მასკის კომპანიის წარმატება გზას გაუხსნის სხვა მაღალტექნოლოგიურ სტარტაპებსაც.



























