მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მასკის DOGE-მა AmeriCorps-ს $400-მილიონიანი გრანტების გაუქმება დაავალა

americorps

ილონ მასკის ხელმძღვანელობით, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა AmeriCorps-ის განკარგულებაში არსებული $400-მილიონიანი გრანტის გაუქმების განკარგულება გასცა. ამის შესახებ Washington Post-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

AmeriCorps ფედერალური მთავრობის ეროვნული მომსახურებისა და მოხალისეობის სააგენტოა, რომელიც რამდენიმე ათეულ სექტორში, მათ შორის განათლებაში, სტიქიასთან ბრძოლაში და სხვა - მოხალისეობრივი სამუშაოებისთვის სტიპენდიას გამოყოფს.

გაუქმებული გრანტი სააგენტოს 2025 წლის ბიუჯეტის 41%-ია და, როგორც ამერიკული მედია იტყობინება, ბიუჯეტის შემცირება შეეხება 1031 ორგანიზაციასა და AmeriCorps-ის 32 ათასზე მეტ წევრსა და მოხალისეს.

ეს ილონ მასკისა და პრეზიდენტ ტრამპის მორიგი ნაბიჯია, რომელიც აშშ-ის ფედერალური მთავრობისა და ბიუჯეტის შემცირებას ემსახურება. პრეზიდენტი და მისი ბიზნესმენი მრჩეველი ამტკიცებენ, რომ ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფული სამთავრობო სააგენტოების მიერ არასათანადოდ იხარჯება.

გასულ კვირას თეთრმა სახლმა AmeriCorps-ში სრულ განაკვეთზე დასაქმებული 650-მდე თანამშრომელი ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვა, რის შემდეგაც, დასაქმებულთა ინფორმაციით, მათი გათავისუფლების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები