SpaceX-ის ხელმძღვანელი, ილონ მასკი აცხადებს, რომ უკრაინაში Starlink-ის სატელიტური კავშირის უზრუნველყოფას უფასოდ გააგრძელებს. ამის შესახებ მან twitter-ზე დაწერა.
საქმე ის არის, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ილონ მასკმა გადაწყვიტა, რომ უკრაინისთვის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა უფასოდ მიეწოდებინა. თუმცა შემდეგ, კომპანია SpaceX-მა განმარტა, რომ უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად მომდევნო 12 თვის განმავლობაში დაახლოებით 400 მილიონი დოლარი იყო საჭირო, აღნიშნული მოცულობის თანხა კი SpaceX-ს არ გააჩნია, რაც იმის მიზეზად დასახელდა, რომ კომპანია იძულებული იყო უკრაინას სატელიტური ინტერნეტის მიწოდება შეეწყვიტა.
SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა, როგორც ჩანს გადაწყვეტილება შეცვალა. "მიუხედავად იმისა, რომ Starlink ფულს კარგავს და სხვა კომპანიები გადასახადების გადამხდელების მილიარდობით დოლარს იღებენ, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მთავრობის უფასოდ დაფინანსებას”, - წერს მასკი.
შეგახსენებთ, რომ Starlink-ის ინტერნეტს უკრაინის მოსახლეობა და შეიარაღებული ძალები აქტიურად იყენებს და ის ქვეყანაში ინტერნეტის მიწოდების ყველაზე სტაბილური საშუალებაა.




























