მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მასშტაბის ეკონომია საცალო ქსელებს დაბალი ფასების შენარჩუნების საშუალებას აძლევთ" - მარიამ ჩახვაშვილი

მარიამ ჩახვაშვილი

FMCG სექტორში, საცალო გაყიდვების ქსელებს მასშტაბის ეკონომია საშუალებას აძლევთ, ქვეყნის მასშტაბით ფილიალების რაოდენობა გაზარდონ, გასაყიდი პროდუქცია კი კვლავ დაბალ ფასებზე შეინარჩუნონ - ამის შესახებ "ანალიტიკას" ეთერში მარიამ ჩახვაშვილმა, Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა ისაუბრა.

საქმე ისაა, რომ, მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სურსათის ფასების შესამცირებელი კამპანია დაიწყო და მთავრობასა და პარლამენტში "ფასების კომისიები" ჩამოყალიბდა, მთავრობის მხრიდან ხშირად აჟღერებენ მოსაზრებას, რომ მაღაზიათა ქსელებში პროდუქტები ძვირდება, რადგან კომპანიები ბევრ ახალ ფილიალს ხსნიან და მათი ფინანსები ამისკენაა მიმართული.

მარიამ ჩახვაშვილის განმარტებით, Galt&Taggart-ს, რომელიც FMCG სექტორის კვლევაზე მუშაობს, ქსელებისთვის ახალი ფილიალის გახსნის ხარჯები არ გამოუვლენია, თუმცა კომპანიათა ფინანსური შედეგები აჩვენებს, რომ ახალი ფილიალი მაღაზიისთვის დამატებითი შემოსავალია.

"რაც შეგვიძლია ვთქვათ არის, რომ წლიდან წლამდე ახალი მაღაზიები ემატება, თუმცა ერთი მაღაზიის შემოსავლები არ იკლებს. რაც ნიშნავს, რომ ახალი მაღაზია დამატებითი შემოსავალია კომპანიისთვის. შესაბამისად, მოთხოვნაც არსებობს ამ მაღაზიებზე. ამასთან, მოსახლეობა უკვე შეეჩვია, რომ მაღაზია არის ახლოს, ცოტა გაზარმაცდა ხალხი და უნდა, რომ ახლოს იყოს ყველაფერი. ამიტომ, შეიძლება მაღაზიის სიახლოვე იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, რომ სხვა ბრენდის ფილიალში არ წავიდეს და ახლოს რომელიც არის, იქ შევიდეს. ეს ყველაფერი კარგად აქვთ დანახული FMCG კომპანიებს და, ჩემი აზრით, კარგად იყენებენ ამას.

მეორე ფაქტორი არის, რომ ეს ქსელები მაინც ახერხებენ, რომ უფრო იაფად მიაწოდონ პროდუქცია, ვიდრე უბნის მაღაზიებმა, რაც ბევრ სხვადასხვა თემასთან არის დაკავშირებული, მაგრამ მგონია, რომ ეს ორგანიზებულობა მათ ამის საშუალებას აძლევთ. რა თქმა უნდა, სექტორს ბევრი პრობლემა აქვს ეხლა, თვითონ მიტანა, დისტრიბუცია, ორგანიზების ნაწილში დამატებით გამოწვევებსაც იწვევს, თუმცა ჩემი პოზიცია მაინც არის, რომ რაც უფრო ერთიანი ხედვა აქვთ, ერთიანი და ორგანიზებული არის ყველაფერი, უფრო მარტივდება. მასშტაბის ეკონომიურობის მე პირადად მჯერა", - ამბობს მარიამ ჩახვაშვილი.

FMCG სექტორის კვლევაზე დაყრდნობით მარიამ ჩახვაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად მასშტაბის ეკონომიისა, დღეს ბაზარზე შეინიშნება, რომ ჰიპერმარკეტების ბრუნვა იკლებს, მცირე ფორმატის მაღაზიების კი - იმატებს.

"მასშტაბის ეკონომიურობაზე, სამართლიანობისთვის, ალბათ უნდა ითქვას, რომ თვითონ მაღაზია რომ უფრო დიდი იყოს, ალბათ უფრო ექნება მასშტაბის ეკონომიურობა. თუმცა მინდა დავამატო, რომ ჩვენ როდესაც სუპერმარკეტების და ჰიპერმარკეტების დინამიკას შევხედეთ, გამოჩნდა რომ ჰიპერმარკეტების ბრუნვა შემცირებულია. ასეთი ტენდენცია ჩანს, რომ საქართველოში დიდი ჰიპერმარკეტების მოხმარების რაოდენობა და მათი გაყიდვები უფრო იკლებს, და იმატებს უბნის მაღაზიებში, დისქაუნტერებში და შედარებით პატარა ფორმატის მაღაზიებში. რაც თითქოს უცნაურია, მაგრამ ტენდენცია ასეთია", - ამბობს მარიამ ჩახვაშვილი.

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ FMCG სექტორის მონიტორინგის მეორე შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, ორგანიზებული ბაზრის წილი 64.08%-მდე (58.4%-დან) გაიზარდა, რაც "უბნის მაღაზიების" ხარჯზე ქსელური მარკეტების ექსპანსიაზე მიუთითებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები