„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ სტიქიით დაზარალებულ თითოეულ ოჯახთან მივიდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძის თქმით, სტიქიის მიზეზით ერთი ადამიანი დაიღუპა, თუმცა არის სპეკულაციები და სხვა ადამიანების შესახებაც ვრცელდება ინფორმაცია.
"მასშტაბურია სტიქია, თუმცა სახელმწიფო შესაძლებლობის ზღვარს მიღმა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ თითოეულ ადამიანთან და ოჯახთან მივიდეს და რაღაცნაირად შეუმსუბუქოს სტიქიისგან გამოწვეული პრობლემები. მაქსიმალური კეთება, ჩართულია ყველა საქალაქო სამსახური, დასავლეთ საქართველოში პრაქტიკულად სახელმწიფო დაწესებულებებში ადამიანი არაა, ყველა გასულია სოფლებში, ქალაქებში, მაქსიმალურად ეხმარებიან მოსახლეობას. ასევე, უკვე ჩართული თავდაცვის ძალები. მათი დიდი ნაწილი უკვე ადგილზეა, ნაწილი მიემართება და თითოეულ ოჯახში შედიან სადაც ამის შესაძლებლობაა. სამწუხაროდ, არის ადგილები, სადაც მძიმე ტექნიკასაც კი უჭირს მიახლოება. გვაქვს რამდენიმე სოფელი და ოჯახი, სადაც არის პრობლემები და საგანგაშო სიგნალები, დეტალურად ვიცით სახელებით და გვარებით, და ამ წუთამდე ცდილობენ მიუახლოვდნენ მძიმე ტექნიკით და ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა ხდება გზების გაკვალვა. წარმოიდგინეთ, იმდენად დიდი თოვლია, რომ ადგილებში დადგა თოვლის სხვაგან გადატანის საჭიროება, მძიმე ტექნიკა მუშაობდა, თოვლი სად წაეღო ისიც კი აღარ იცოდნენ, იმიტომ რომ პრაქტიკულად გადანახვეტი თოვლი სახლების მიმართულებით იყო უკვე.
ძალიან ცუდია, რომ არ წყდება სპეკულაციები. გუშინ დაიღუპა ერთი ადამიანი, რომლის გარდაცვალებაც უშუალოდ სტიქიასთან იყო დაკავშირებული, თუმცა არაერთ ადამიანთან დაკავშირებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ სტიქიით იყო გამოწვეული. სოფელ ნინოშვილში, ლანჩხუთში 106 წლის ქალბატონი გარდაიცვალა და ამაზე წერდნენ, რომ ექსტრემალური სიტუაცია იყო და ვერ მიუსწრეს და სტიქიის გამო გარდაიცვალა. ამასაც აწერდნენ სტიქიას",- განაცხადა მდინარაძემ.
მეექვსე დღეა დასავლეთ საქართველოში სტიქიას ებრძვიან. გურიაში დიდთოვლობის გამო ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი. როგორც ადგილობრივები BMG-სთან საუბარში აცხადებენ, მოსახლეობა საკვები პროდუქტების გარეშეა დარჩენილი, მაღაზიები სოფლებში ან საერთოდ არ არის, ან დიდთოვლობის გამო დაკეტილია.




























