ამ წუთებში პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს უსმენენ. სხდომის წევრების გადაწყვეტილებით, შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. სხდომის წამყვანის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძის განცხადებით, წინ ვრცელი დღეა, სადაც ყველას ექნება საშუალება, რომ კითხვები დასვას.
„ბატონი ირაკლი [კობახიძე] წარმოადგენს პრეზენტაციას. ჩვენ ბევრი დრო არ გვაქვს და ვთხოვთ, რომ რაც შეიძლება მოკლედ მოხდეს ეს. შემდეგ 2-2 წუთი ავიღოთ იმისათვის, რომ კითხვები დავსვათ. მე მგონია, რომ ზედმეტი შეკითხვები არაბუნებრივიც იქნება ჩვენი მხრიდან. წინ გვაქვს ვრცელი დღე, სადაც ასევე მოგვეცემა ჩვენი პოზიციების გამოთქმის საშუალება, ისევე როგორც კითხვების დასმის საშუალება. ახლა, როგორც შევთანხმდით, ვინაიდან ეს არის უმრავლესობის შეხვედრა მთავრობის მომავალ შემადგენლობასთან, მისი სპეციფიკიდან, თავისებურებიდან გამომდინარე გთავაზობთ, რომ ეს შეხვედრა იყოს დახურული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ირაკლი კობახიძე უკვე შეხვდა საპარლამენტო ოპოზიციას, ხოლო მინისტრობის კანდიდატებმა უპასუხეს დეპუტატების კითხვებს საკომიტეტო ფორმატში.
დღეს პარლამენტის პლენარული სხდომაა ჩანიშნული, სადაც კობახიძე სამთავრობო პროგრამას კიდევ ერთხელ წარადგენს და დეპუტატების კითხვებსაც უპასუხებს.